ვიქტორ დოლიძე - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა მეტყველებს მისი, როგორც მოწინავე ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობაზე
ვიქტორ დოლიძე - ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაში საქართველოს მონაწილეობა მეტყველებს მისი, როგორც მოწინავე ასპირანტი ქვეყნის მნიშვნელობაზე

ძალიან მნიშვნელოვანი მინისტერიალი გველოდება, გამომდინარე რამდენიმე ფაქტორიდან. პირველ რიგში,  უნდა აღინიშნოს, რომ საქართველო და უკრაინა არიან ის პარტნიორი ქვეყნები, რომლებიც მოიპატიჟა ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ. მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება შეხვედრა შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით საქართველოსა და უკრაინასთან, – ამის შესახებ განაცხადა ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელმა, ვიქტორ დოლიძემ.

დოლიძის თქმით, ეს თავისთავად მეტყველებს ნატო-ელი კოლეგების ფოკუსირებაზე ჩვენს რეგიონსა და საქართველოზე.

ვიქტორ დოლიძე აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ნატო-ელი პარტნიორების მხრიდან ელოდება ასპირანტ ქვეყნებზე მნიშვნელოვანი აქცენტის გაკეთებას, როგორც პოლიტიკური, ასევე პრაქტიკული თვალსაზრისით. მისი თქმით, მინისტერიალის ფარგლებში გაიმართება საერთაშორისო კონფერენცია, სადაც ორი ძირითადი საკითხი იქნება განხილული- თანამედროვე საფრთხეები და გლობალური პრობლემები, საუბარი ასევე შეეხება პარტნიორების თემას, ხოლო  პარტნიორი ქვეყნებიდან წარმოდგენილი იქნებიან საქართველო და უკრაინა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს საქართველოს, როგორც ერთ-ერთი მოწინავე ქვეყნის მნიშვნელობაზე.  ვიქტორ დოლიძის თქმით, ქვეყანა აპირებს თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას ამ მიმართულებით და  მომავალი წლის ნატო-ს სამიტი წლევანდელი მინისტერიალის ძალიან კარგი გაგრძელება იქნება.

ნატო-სთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის თქმით, ის განცხადებები, რომელიც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მხრიდან კეთდება ძალიან მნიშვნელოვანია.

„ძალიან კარგი ფონი სდევს თან ამ მინისტერიალს, მაგალითად სახელმწიფო მდივნის მოადგილის, ასევე, თავად სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება, ნატო-ს გენერალური მდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადება საქართველოსთან და შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობასთან დაკავშირებით, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, როგორც საქართველოს, ასევე მთლიანად რეგიონის უსაფრთხოების მნიშვნელობას, როგორც ნატო-სთვის, ასევე გლობალური უსაფრთხოების თვალსაზრისით“, – განაცხადა ვიქტორ დოლიძემ.