ვიოლა ფონ კრამონი - მინდა ვიფიქრო, რომ საარჩევნო ოლქების გადიდება-გაფართოება ყველა პარტიისთვის არის კარგი გამოსავალი
ვიოლა ფონ კრამონი - მინდა ვიფიქრო, რომ საარჩევნო ოლქების გადიდება-გაფართოება ყველა პარტიისთვის არის კარგი გამოსავალი

მინდა ვიფიქრო, რომ საარჩევნო ოლქების გადიდება-გაფართოება ყველა პარტიისთვის არის კარგი გამოსავალი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის წევრმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „კვირის ინტერვიუ“ სტუმრობისას განაცხადა.

„უპირველეს ყოვლისა, პატარა პარტიებიც უნდა მოხვდნენ პარლამენტში. მრავალმხრივობა უნდა იყოს წარმოდგენილი საქართველოსი, საქართველოს მოსახლეობის, ამომრჩევლების და ეს პირდაპირპროპორციულად უნდა აისახოს საქართველოს პარლამენტზე; ღირს არჩევნებზე წასვლა და ღირს დემოკრატიის მხარდაჭერა. იმიტომ, რომ ჩემს წევრს აქვს შანსი, მოხვდეს პარლამენტში და იყოს მთავრობის, თუ ოპოზიციის წევრი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, ჰქონდათ თუ არა ევროპარლამენტარებს შეხვედრა ბიძინა ივანიშვილთან და რამ გამოიწვია მათი რიტორიკის შერბილება, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ არ იცის, შეხვდნენ თუ არა ევროპარლამენტის წევრები ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ არაოფიციალურად, შიდა შეხვედრაზე მხოლოდ ხელმძღვანელი შეხვდა და ის ზეგავლენის ქვეშ არ მოქცეულა.

„ძალიან ფრთხილად რომ გითხრათ, ვფიქრობ, ბატონმა ივანიშვილმა საკუთარი ინტერესები გამოხატა და მისებურად, ზეწოლა მოახდინა. ეს არის ძალიან გასაბრაზებელი. იმიტომ, რომ 2012 წელს, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იყო ხელისუფლებაში, მე მასთან ერთად, მის გვერდით ვიბრძოდი მათი ხელისუფლებიდან განსადევნად. ჩვენ ვიყავით ოპოზიციაში და ვაკრიტიკებდით მიხეილ სააკაშვილს. ის, რასაც დღეს „ქართული ოცნება“ აკეთებს, არის მხარეთა შეცვლა, რამაც გული დამწყვიტა და გამაწბილა. იმედი მაქვს, ბატონი ივანიშვილი კიდევ დაუფიქრდება იმას, რომ დროულად შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და სამართალი, რათა არჩევნები სამართლიანად ჩატარდეს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ირაკლი აბსანძის შეკითხვაზე, ფლობენ თუ არა საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებას თბილისში მყოფი ევროპარლამენტარები, ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, რომ მისმა კოლეგებმა პრინციპში, კარგად იციან პოლიტიკური კონტექსტი, სიტუაცია, რაც საქართველოშია და ისინი ამას კარგად აცნობიერებენ.

შეკითხვაზე, როგორ აფასებს პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებული ინიციატივის ჩავარდნას და ბიძინა ივანიშვილის ეს ინიციატივა მაჟორიტარებმა ჩააგდეს თუ დანაპირები ხელისუფლებამ გადაიფიქრა, ევროპარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ ეს ცალსახად, ნდობის ჩამოშლაა ამომრჩევლის მიმართ.

„როდესაც მე მაქვს პრობლემა ფრაქციის ფარგლებში, მე არ მინდა, კანონი დაირღვეს და საერთოდ, კანონპროექტი იქნას წარდგენილი. აქ კი სრულიად სხვა მიდგომა იყო. სრულიად ცალსახად, ვიღაცამ ითამაშა, რომ ეს კანონპროექტი არ გატანილიყო და ეს გადაწყვეტილება არ მიღებულიყო. ეს არის ნდობის დარღვევა და ჩამოშლა“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ვიოლა ფონ კრამონმა ასევე აღნიშნა, რომ პრესისა და სიტყვის თავისუფლების ძირითადი უფლება ძალიან მნიშვნელოვანია და იმედი გამოთქვა, რომ საქართველოში არსებული მედიალანდშაფტი და მრავალმხრივობა არ შეიცვლება.

დატოვე კომენტარი