ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ შევხვდი, მეგონა, გონიერი პოლიტიკოსი იყო, მან იცის, რომ გახიზნულია, რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას
ვიოლა ფონ კრამონი - მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ შევხვდი, მეგონა, გონიერი პოლიტიკოსი იყო, მან იცის, რომ გახიზნულია, რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას

მიხეილ სააკაშვილს რამდენიმე წლის წინ შევხვდი, მეგონა, გონიერი პოლიტიკოსი იყო, მან იცის, რომ გახიზნულია, რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას, – განაცხადა ევროპარლამენტარმა, ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში.

ვიოლა ფონ კრამონმა კომენტარი გააკეთა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის რამდენიმე დღის წინ გაკეთებულ განცხადებაზე.

„მე მიშას რამდენიმე წლის წინ შევხვდი და მეგონა, რომ ის გონიერი პოლიტიკოსია. მან იცის, რომ ის გახიზნულია, მას რეალურად არ შეუძლია, სიტყვა თქვას. მეორე მხრივ, თუ მას აქვს საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის ინტერესი, მაშინ ის უნდა იყოს კონსტრუქციული. მაგრამ მისი კომენტარებითა და განგრძობადი ჩარევით, ის არ ეხმარება საქართველოს. სწორედ ამიტომ ვარ დამწუხრებული. პირადად მე, მიშას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს. მე ვისურვებდი, რომ ის ჩუმად ყოფილიყო ან კონსტრუქციული პოზიცია დაეჭირა და არ ჩარეულიყო. ეს არის ერთადერთი გზავნილი“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. მსგავსი განცხადება გააკეთა საქართველოში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, იან კელიმაც.

ამ განცხადებების პასუხად მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ „ვიღაც გადამდგარი პირებისგან ჭკუის დარიგება არ სჭირდება“.

„ყველა ადამიანი, ვინც ამბობს, რომ სააკაშვილი უნდა ჩამოშორდეს ძალაუფლებასა და გავლენებს, არის ამორალური და იდიოტი“, – განაცხადა სააკაშვილმა.

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონთან ექსკლუზიური ინტერვიუს სრულ ვერსიას მოისმენთ „საქართველოს რადიოს“ ეთერში ორშაბათს, 22 მარტს, 14:00 საათზე ლევან ახალაიას საავტორო გადაცემაში „მსოფლიოს ამბები“.