ვინისიუსი „რეალისგან“ წელიწადში 25 მილიონს ითხოვს - მბაპეზე და ბელინგემზე 10 მილიონით მეტს #1TVSPORT
ვინისიუსს, ახალი კონტრაქტის მიხედვით, ყველაზე მეტი თანხის მიღება სურს მადრიდის „რეალში“.
რადიო Cadena SER-ის ინფორმაციით, ბრაზილიელი ხელფასის სახით წელიწადში 25 მილიონ ევროს ითხოვს.
ფეხბურთელის აგენტმა უკვე გამართა რამდენიმე შეხვედრა კლუბის ხელმძღვანელობასთან. ვინისიუსის პირველი შეთავაზება უარყოფილი იყო. მეორე შემთხვევაში ფეხბურთელს სთხოვეს ფინანსური მოთხოვნების ახსნა. მომავალ შეხვედრაზე უნდა განიხილონ შეთანხმების მიღწევის სხვადასხვა ვარიანტი.
აღსანიშნავია, რომ დღეისთვის კილიან მბაპე, ჯუდ ბელინგემი და ვინისიუსი იღებენ წელიწადში 15-15 მილიონს. თუ ვინისიუსი მოელაპარაკება კლუბს 25 მილიონზე, ინგლისელი და ფრანგიც მოინდომებენ პირობების გაუმჯობესებას.
Cadena SER-ის ჟურნალისტი ანტონიო რომერო დარწმუნებულია, რომ „რეალი“ არ მისცემს ვინისიუსს ხელფასის სახით 25 მილიონს და ბრაზილიელს ნამდვილად არ ექნება მბაპეზე და ბელინგემზე მეტი შემოსავალი. გარდა ამისა, მადრიდელებს არც შეუძლიათ და არც სურთ საუდის არაბეთის კლუბებთან კონკურენცია, რომლებსაც ბრაზილიელი გარემარბის გაფორმების სურვილი აქვთ.