ვინისიუს ჯუნიორი - ფეხბურთელი, ბიზნესმენი, ბლოგერი და ქველმოქმედი დიდი მიზნებით #1TVSPORT
ვინისიუს ჯუნიორი - ფეხბურთელი, ბიზნესმენი, ბლოგერი და ქველმოქმედი დიდი მიზნებით #1TVSPORT

ვინისიუს ჯუნიორს ფეხბურთის გულშემატკივრები კარგად იცნობენ. მან ამ სეზონზე უკვე 11 გოლი გაიტანა, მათ შორის გუშინ, ლა ლიგაში „სევილიასთან“  87-ე წუთზე გამარჯვების გოლი.

 

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ფეხბურთელობის გარდა, ვინისიუსი არის ბიზნესმენი, ბლოგერი და ქველმოქმედი.

ოქტომბრის დასაწყისში ბრაზილიური მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ 21 წლის ფეხბურთელი ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს თავის ფიზიკურ ფორმას და ძალებს არ იშურებს საკუთარი თავის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური განვითარებისთვის.

მას ჰყავს პროფესიონალებისგან შემდგარი 30-კაციანი გუნდი. ვინისიუსთან მუშაობს ნეიმარის ყოფილი მწვრთნელი. ბრაზილიელ ფეხბურთელს ასევე ჰყავს პირადი მზარეული, იმიჯმეიქერი და ფსიქოლოგი.

დავიწყოთ პირადი მწვრთნელით, რომელიც ვინისიუსმა კარანტინის დროს აიყვანა, როდესაც კლუბებმა ვარჯიშები შეწყვიტეს. იმ დროს, როცა ბევრი ფეხბურთელი დეპრესიაში ჩავარდა, სეზონის გაჩერების გამო, ვინისიუსმა თავი ხელში აიყვანა და მოუმატა დატვირთვებს ბრაზილიელი მწვრთნელის (ტიაგო ლობოსის) დახმარებით.

ტიაგომ ვინიმ დაუწერა პროგრამა, რომლიც მთლიანად „რონალდოს სისტემაზე“ ააწყო, რაც ითვალისწინებს კუნთის მასის სწრაფ აკრეფას, მის მუდმივ კონტროლს.

ამ წლის ბოლომდე ვინისიუსი მადრიდში, ახალ სახლში გადადის, სადაც ყველაფერია იმისთვის, რომ სათანადოდ მოუარო სხეულს – სავარჯიშო დარბაზი, აუზი, საფეხბურთო მოედანი, აღმდგენი ოთახი.

ფეხბურთელს ჰყავს ფრანგი შეფმზარეული, რომლის დღის რაციონს ვინისიუსი მკაცრად მიჰყვება – კვების მხრივ, აქცენტი გაკეთებულია თევზეულობაზე, ბოსტნეულზე – ის თითქმის არასოდეს მიირთმევს ტკბილეულს.

ფეხბურთელი აღნიშნავს, რომ მას შემდეგ, რაც სწორ კვებაზე გადავიდა, ბევრად კარგად გრძნობს თავს.

„ჩემს ორგანიზმში ძალიან ცოტა ცხიმია – მე მომწონს ტონუსში ცხოვრება. სპორტსმენის ცხოვრებაში – კვება, ვარჯიში, განტვირთვა – ყველაფერი უკუკავშირშია“, – ამბობს ფეხბურთელი ბრაზილიურ გამოცემასთან.

ამ ზაფხულს ვინისიუსი კიდევ უფრო შორს წავიდა და ფსიქოლოგი აიყვანა. ისინი განიხილავენ ფეხბურთელის შეცდომებს და ფსიქოლოგიური კუთხით აანალიზებენ მათ. როგორც ვინისიუსი ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ სტრესულ სიტუაციებს თავი მარტივად გაართვას და ყურადღება ნაკლებად მიაქციოს „ჰეითერებს“.

აღსანიშნავია, რომ „რეალის“ შემადგენლობაში ვინისიუსს ყველაზე დაბალი ხელფასი აქვს, წელიწადში დაახლოებით 3,5 მილიონი ევრო, რაც იმას ნიშნავს, რომ ის თავის მოვლაში ხელფასის დიდ ნაწილს ხარჯავს.

ვინისიუსი დიდი პოპულარობით სარგებლობს სოციალურ ქსელებში. განსაკუთრებით „იუთუბსა“ და „ინსტაგრამზე“. მას განსაკუთრებით ბევრი იაპონელი თაყვანისმცემელი „მიმდევარი“ ჰყავს „იუთუბზე“. აღსანიშნავია, რომ ვინისიუსს იმიჯმეიქერები ჰყავს აყვანილი იმისთვის, რომ დაეხმარონ გულშემატკივრებთან სწორი ურთიერთობის დამყარებაში. ფეხბურთელს ჰყავს პირადი ფოტოგრაფი და ოპერატორი. ორივე დაჰყვება ბრაზილიელს მატჩებზე და ეხმარებიან, რომ მან იდეალური კონტენტი შექმნას თავის „იუთუბ“-გვერდზე. შეგიძლიათ ნახოთ ვინისიუსის „ინსტაგრამი“ 12 მილიონი გამომწერით, სადაც ფოტოებს მილიონობით ლაიქები აქვს.

რაც შეეხება იუთუბ“-არხს, მას 1,400 000 გამომწერი ჰყავს, რაც იმას ნიშნავს რომ ის ყველაზე წარმატებული ბლოგერია ფეხბურთელებიდან.

„იაპონიაში განსაკუთრებით უყვართ ბრაზილიელი ფეხბურთელი – სარეკლამო ტურით ჩასულ ვინისიუსს 50-კაციანი ჯგუფი დახვდა ტოკიოს აეროპორტში, ქუჩაშიც კი ყველა ცნობდა მას“, – წერს ცნობილი ესპანური გაზეთი „მარკა“.

ვინისიუსის სარეკლამო შეთავაზებებს ცალკე გუნდი განიხილავს, ფეხბურთელი არასოდეს მუშაობს ბარტერით, რა ღირებულების პროდუქციაც უნდა იყოს, არეკლამებს მხოლოდ იმ ბრენდებს, რომელსაც თვითონ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში.

„გვინდა დავამყაროთ ჩემს გულშემატკივართან ნამდვილი გულწრფელი ურთიერთობა, ამიტომ რეკლამას ვუკეთებ მხოლოდ იმ პროდუქტს, რომელსაც მე თავად ვიყენებ“, – ამბობს ფეხბურთელი. ბრაზილიური გამოცემის მიხედვით, ფეხბურთელი სპონსორებისგან წელიწადში მილიონ ევროს გამოიმუშავებს (იღებს).

ვინისიუსის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მიზანია, გაზარდოს განათლების დონე ბრაზილიაში.

2021 წელს ვინისიუსმა დააფუძნა instituto vini jr, რომლის მიზანია სპორტისა და განათლების შეთავსება.

ის ცდილობს აქტიურად დაეხმაროს სკოლებს. ბრაზილიაში არის სისტემა, რომლის მიხედვით უნივერსიტეტებში უფასო ფაკულტეტებზე ხვდებიან მხოლოდ ძვირადღირებული სკოლის მოსწავლეები, გაჭირვებული ბავშვები კი ხშირად განათლების გარეშე რჩებიან. სწორედ ამ ბავშვების დასახმარებლად ვინისიუსმა შექმნა პროგრამა, კერძოდ კი აპლიკაცია – BASE.

ამ აპლიკაციის დახმარებით, დაწყებითი კლასის მოსწავლეები თამაშ-თამაშით იღებენ განათლებას. თუ ბავშვს არ აქვს მობილური ტელეფონი, ფეხბურთელის გუნდი ამასაც უზრუნველყოფს.

ბავშვები ამბობენ, რომ ამ პროგრამით სწავლა ბევრად მარტივი და გასაგებია, ვიდრე წიგნებით. ეს აპლიკაცია ბავშვებს ეხმარება ყველა საბაზისო საგნის სწავლაში. ვინისიუსს ამ პროგრამის განვითარებაში უკვე 2 მილიონი აქვს დახარჯული.

„ფეხბურთელობა არის ოცნება – არ იქნება შესანიშნავი, თუ ბავშვებს სიღარიბის დაძლევაში განათლებით დავეხმარებით? – მე არ მინდა, ახალგაზრდებს უნდოდეთ გახდნენ ვინისიუსი, ნეიმარი ან რონალდო. მინდა, რომ მათ უნდოდეთ ექიმობა და სხვადასხვა მნიშვნელოვანი პროფესიის დაუფლება“, –  ამბობს ვინისუსიგარდიანთან“ ინტერვიუში.

ყველაფერთან ერთად, ვინისიუსი დიდი ქველმოქმედიცაა. ის აფინანსებს ბევრ ადგილობრივ (ბრაზილიურ) საქველმოქმედო პროგრამას. ფეხბურთელი უზრუნველყოფს უფასო კვებას გაჭირვებული ბავშვებისთვის, საწოლებს ადგილობრივი საავადმყოფოებისთვის.

ასე რომ, გახსოვდეთ 21 წლის ვინისიუს ჯუნიორი – ფეხბურთელი, ქველმოქმედი და ბლოგერი დიდი მიზნებით.