ვინ იყო ჯამალ ხაშოგი - ხაშოგების გავლენიანი ოჯახი
ვინ იყო ჯამალ ხაშოგი - ხაშოგების გავლენიანი ოჯახი

საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული „ვაშინგტონ პოსტის“ ჟურნალისტი ჯამალ ხაშოგი გავლენიანი გვარის ოჯახიდან არის.

ჯამალ ხაშოგის ბაბუა საუდის არაბეთის მეფის, აბდულ-აზიზის პირადი ექიმი იყო.

წარმოშობით თურქი მუჰამედ ხაშოგი საუდის არაბეთში, არაბ ქალთან ქორწინების შემდეგ გადავიდა საცხოვრებლად და საუდის არაბეთის მონარქიის დამაარსებლის, მეფე აბდულ-აზიზ იბნ საუდის პირადი ექიმი გახდა.

ჯამალ ხაშოგის ბიძა, ადნან ხაშოგი 1980-იან წლებში 4 მილიარდი დოლარის ოდენობის ქონებით, მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი იყო.

ადნან ხაშოგიმ კარიერა სამშენებლო ბიზნესის მაგნატობით დაიწყო. თუმცა, მალევე კარგი კონტაქტების მქონე ბიზნესმენმა დასავლური კომპანიები, ახლო აღმოსავლეთთან დააკავშირა და იარაღის ბიზნესში ჩაერთო.

ადნან ხაშოგი წვეულებებისა და ფუფუნების მოყვარული იყო. სწორედ მის საკუთრებაში იყო იმ პერიოდისთვის ყველაზე ძვირადღირებული და ცნობილი იახტა, რომელიც ჯეიმს ბონდის ერთ-ერთ სერიაშიც „არასოდეს თქვა არასოდეს“ იყო გამოყენებული. თუმცა, ადნან ხაშოგის მისი გაყიდვა მოუწია, მას შემდეგ რაც მის წინააღმდეგ თაღლითობის ბრალდებით სამართლებრივი დევნა დაიწყო და ირანის კონტრას სახელით ცნობილ სკანდალშიც გაეხვა .

70 მილიონ დოლარად შეფასებული იახტა კი, რომლის ბორტზეც სხვადასხვა დროს მრავალი ცნობილი ადამიანი, მათ შორის 5 სახელმწიფოს ლიდერიც იმყოფებოდა, ამჟამად აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, 30 მილიონ დოლარად შეიძინა.

დონალდ ტრამპი ადნან ხაშოგის ცუდ ბიზნესმენად მიიჩნევდა. გამოცემა Vanity Fair-თან საუბარში 1989 წელს ტრამპმა აღნიშნა, რომ ხაშოგი შესანიშნავი ბროკერი და ცუდი ბიზნესმენია.

„მას სხვა ნებისმიერზე კარგად ესმოდა ხალხის ერთმანეთთან დაკავშირების ხელოვნება და საუკეთესო შეთანხმებების დადება. თუმცა მან არასდროს იცოდა, როგორ განეხორციელებინა ფულის ინვესტირება“,-განაცხადა ტრამპმა.

ჯამალ ხაშოგი და დოდი ალ-ფაიედი ნათესავები იყვნენ

 

ხაშოგების ოჯახის კიდევ ერთი ცნობილი წარმომადგენელი დოდი ალ-ფაიედი იყო. გავლენიანი ეგვიპტელი ბიზნესმენის, The Harrods, Hôtel Ritz-ისა და 75 Rockefeller Plaza- ს მფლობელის, მოჰამედ ალ-ფაიედის ვაჟი.

მას პრინც ჩარლზის ყოფილ მეუღლესთან, დაიანა სპენსერთან რომანტიული ურთიერთობები აკავშირებდა და 1997 წლის 31 აგვისტოს სწორედ ლედი დის-თან ერთად ავტოკატასტროფაში გარდაიცვალა. დოდი ალ-ფაიედის დედა სამირა ხაშოგი, ჯამალ ხაშოგის მამიდა იყო.