ვინ იქნება ხორხე მასვიდალის მომდევნო მეტოქე 
ვინ იქნება ხორხე მასვიდალის მომდევნო მეტოქე 

შერეული ორთაბრძოლების მოყვარულები აბსოლუტურ საბრძოლო ჩემპიონატში ხორხე მასვიდალისა და კამარუ უსმანის დაპირისპირებას ელოდებოდნენ, თუმცა დანა ვაიტმა ESPN-თან მიცემულ ინტერვიუში ყველაფერი თავდაყირა დააყენა. აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორგანიზაციას მასვიდალთან დაკავშირებით სხვა გეგმები აქვს. ვაიტს არ დაუკონკრეტებია, თუ ვის განიხილავს „გეიმბრედის“ მომდევნო მეტოქედ.

ვის შეიძლება დაუპირისპირდეს მასვიდალი?

კონორ მაკგრეგორი

დარწმუმუნებული ვარ, რომ ბევრ თქვენგანს ამ ამბის გაგების შემდეგ, პირველ რიგში კონორ მაკგრეგორი გაახსენდა. იმიტომ რომ, ეს სრულიად ლოგიკური იქნებოდა და მართლაც შესაძლებელია.

კონორ მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან რემატჩამდე ერთი „მძიმე ბრძოლა“ აქვს მოსაგები. აი, კონორისა და ხორხეს დაპირისპირება, შესაძლოა ნურმაგომედოვთან ირლანდიელის რემატჩზე ფინანსურად უფრო მომგებიანი ბრძოლა გამოდგეს. მაკგრეგორი დაბრუნდა და შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა დონალდ სერონესთან. რაც შეეხება ხორხეს, ის კარიერის საუკეთესო წლებს ატარებს. ბოლო პერიოდში მან დარენ ტილი, ბენ ასკრენი და ნეიტ დიაზი დაამარცხა.

ეს ბრძოლა შესაძლოა BMF ქამრისთვისაც შედგეს.

ნეიტ დიაზი

ყველას კარგად გვახსოვს ხორხე მასვიდალისა და ნეიტ დიაზის დაპირისპირება BMF ქამრისთვის, რომელიც ნიუ იორკში, „მედისონ სქუერ გარდენში“ გაიმართა. ხორხემ ნეიტს თვალთან ტრავმა მიაყენა, რის გამოც ექიმმა დიაზს ბრძოლის გაგრძელების საშუალება არ მისცა და დასანანი ორი რაუნდი წაგვართვა. ნეიტმა თავისი ხასიათი ბრძოლაში მაინც გამოავლინა და წაგების შემდეგ რემატჩი მოითხოვა, რისი სრული უფლებაც მას ჰქონდა. ხშირად გვინახავს ბრძოლები, რომლებიც უფრო მძიმე დაზიანების პირობებშიც გრძელდებოდა და BMF ქამრისთვის ბრძოლას ასეთი ფინიში „არ ეკადრებოდა“. სიმართლე რომ ითქვას, ნეიტისა და ხორხეს რემატჩი, კონორისა და მასვიდალის დაპირისპირების შემდეგ, ფინანსურად ყველაზე მომგებიან ბრძოლად შეიძლება იქცეს.

კამარუ უსმანი

ნახევრად მძიმე წონით დივიზიონში ყველაზე ლოგიკურ ბრძოლად, ალბათ მაინც ხორხე მასვიდალისა და კამარუს უსმანის დაპირისპირება ჩაითვლებოდა. ეს ორი ათლეტი საუკეთესო ფორმაშია და შთამბეჭდავი გამარჯვებების სერია აქვთ. ხორხე BMF ქამრის მფლობელია, კამარუ კი დივიზიონის მოქმედი ჩემპიონია. მაყურებელი უკვე დიდი ხნის განმავლობაში ადევნებს თვალს ამ ორ მებრძოლს შორის სიტყვიერ შელაპარაკებებსა და „გაწევ-გამოწევებს“. ერთადერთი, რამაც მასვიდალისა და უსმანის დაპირისპირება საეჭვო გახადა, ეს დანა ვაიტის ბოლო ინტერვიუა. ორგანიზაციის პრეზიდენტმა ისიც კი თქვა, რომ ახალ შესაძლო მეტოქესთან მოლაპარაკებები უკვე მიმდიანრეობს.