ვილიანმა შესაძლოა, ამ ზაფხულს „ბარსელონას“ მაისური მოირგოს
ვილიანმა შესაძლოა, ამ ზაფხულს „ბარსელონას“ მაისური მოირგოს

„ჩელსის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვილიანი ამ ზაფხულს შესაძლოა, „ბარსელონას“ რიგებში ვიხილოთ, – იტყობინება Marca.

წყაროს ინფორმაციით 31 წლის ბრაზილიელთან შეთანხმება უკვე მიღწეულია და დიდი ალბათობით, ვილიანი რამდენიმე თვეში კატალონიურ გრანდში გადაბარგდება.

ვილიანის კონტრაქტი „ჩელსისთან“ 2020 წლის 30 ივნისამდეა ძალაში. ბრაზილიელ ფეხბურთელს ლონდონში დარჩენა აღარ სურს და მოლაპარაკებებს სხვადასხვა კლუბთან აწარმოებს.

ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ „ბარსელონა“ ვილიანს ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში შეიძენდა. თუმცა, ეს ვარაუდი არ გამართლდა და ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა უკვე დაიხურა.

მიმდინარე სეზონში ვილიანმა „ჩელსის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ხუთი გოლი და ხუთი საგოლე გადაცემა შეასრულა.