ვილიანი „კოპა ამერიკას“ ფინალს გამოტოვებს
ვილიანი „კოპა ამერიკას“ ფინალს გამოტოვებს

ბრაზილიის ნაკრების შემტევი ვილიანი ვერ შეძლებს „კოპა ამერიკას“ ფინალში თამაშს. „ჩელსის“ ფეხბურთელმა ბარძაყის ტრავმა არგეტინასთან ნახევარფინალურ მატჩში (2:0) მიიღო, როცა ანხელ დი მარიას გადაცემის ჩაჭრას ცდილობდა. დაზიანების მიუხედავად, ვილიანმა მოახერხა მატჩის დასრულება.

გარდა ამისა, ბრაზილიელთა რიგებში საეჭვოა ფორვარდ რიშარლისონის თამაში. მან ბოლო მატჩები ეპიდემიური პაროტიტის გამო გამოტოვა.

ფინალური მატჩი ბრაზილიასა და პერუს შორის შვიდ ივლისს, რიო-დე-ჟანეიროში, „მარაკანას“ სტადიონზე გაიმართება. მატჩი თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.

ბრაზილია ტურნირის რვაგზის ჩემპიონია. ამ გუნდის ბოლო ტრიუმფი 2007 წლით თარიღდება. პერუს ორჯერ მოუგია „კოპა ამერიკა“, ბოლოს – 1975 წელს.