ვილიანი - „ჩელსიში“ დარჩენა მინდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება
ვილიანი - „ჩელსიში“ დარჩენა მინდა, მაგრამ ეს ძალიან რთული იქნება

„ჩელსის“ თავდამსხმელი ვილიანი ამბობს, რომ ლონდონური კლუბის ხელმძღვანელობასთან ახალი კონტრაქტის თაობაზე უთანხმოება აქვს. ბრაზილიელის მოქმედი შეთანხმება „არისტოკრატებთან“ მიმდინარე წლის ზაფხულში იწურება და თავად ფეხბურთელს კლუბში დარჩენა სურს.

„რთული სიტუაციაა, რადგან „ჩელსიმ“ კონტრაქტის ორი წლით გახანგრძლივება შემომთავაზა, მაგრამ ამასთანავე არაფრის შეცვლას არ აპირებს. მე კი ვუთხარი, რომ სამწლიანი კონტრაქტი მინდა. სირთულე სწორედ ამის გამო იქმნება. ჯერ-ჯერობით არ ვიცი, შევძლებ თუ არა გუნდში დარჩენას. ჩემი ამოცანა ახლა ვარჯიშის გაგრძელება და სეზონის დასკვნით ნაწილზე კონცენტრირებაა. ვნახოთ, რა მოხდება მომავალში“, – მოჰყავს ფეხბურთელის სიტყვები ბრაზილიუს „ესპორტე ინტერატივოს“.

შეგახსენებთ, რომ პრემიერლიგის მიმდინარე სეზონის დასრულებამდე 11 ტურით ადრე „ჩელსი“ სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზე იმყოფება და ექვსი ქულით ჩამორჩება მესამეადგილოსან „ლესტერ სიტის“, მეხუთე ადგილზე მყოფ „მანჩესტერ იუნაიტედს“ კი სამი ქულით უსწრებს.