ვილი სანიოლს ნაკრები მხოლოდ მეორე ტაიმში მოეწონა - გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი ფეხბურთელი ცენტრში უნდა თამაშობდეს #1TVSPORT
ვილი სანიოლს ნაკრები მხოლოდ მეორე ტაიმში მოეწონა - გიორგი ჩაკვეტაძის მსგავსი ფეხბურთელი ცენტრში უნდა თამაშობდეს #1TVSPORT

ვილი სანიოლმა მონღოლეთთან მოგების (6:1) შემდეგ პრესკონფერენცია გამართა და საქართველოს ნაკრების თამაში შეაფასა.

„ასეთი მატჩის შემდეგ შეფასების გაკეთება რთულია. გადავწყვიტე, რომ დღეს იმ ფეხბურთელებს ეთამაშათ, რომლებსაც ნაკრებში ნაკლები დრო ეთმობათ. როგორც მოსალოდნელი იყო, ამ დროს ხარისხი დაიკარგა.

კარგი ის იყო, რომ ბევრი მომენტი შევქმენით და ბევრიც გავიტანეთ. წლის პირველი მატჩი იყო და ასეთი შედეგი კარგია, მაგრამ ნორვეგიასთან ბევრად უფრო რთული თამაში გველის და თუ შედეგის მიღწევა გვინდა, უკეთესი ხარისხიც მოგვეთხოვება.

ჩაკვეტაძე პირველ ტაიმში უფრო მარცხენა ფლანგზე მოქმედებდა. შესვენებაზე ვუთხარი, რომ ცენტრში ეთამაშა, რადგან მიმაჩნია, რომ მისნაირი ტექნიკური მოთამაშე ამ პოზიციაზე უნდა მოქმედებდეს. მეორე ტაიმში გიორგის პოზიცია შევუცვალეთ და როდესაც შევცვალე, შევაქე.

ლორია პირველ ტაიმში დაშავდა – მონღოლ ფეხბურთელთან შეჯახების შემდეგ ზურგის ტკივილმა შეაწუხა და ამიტომ შევცვალეთ, რაც დაგეგმილი ცვლილება არ იყო. ლუკა გუგეშაშვილი დღევანდელი თამაშით ქებას იმსახურებს. რაც შეეხება ლორიას, მისი მდგომარეობის შესახებ დეტალებს ჯერ ვერ გეტყვით“, – აცხადებს ვილი სანიოლი.

შემდეგ მატჩს საქართველოს ნაკრები 28 მარტს ბათუმში გამართავს. ვილი სანოლის გუნდი ევრო 2024-ის შესარჩევი ტურნირის სასტარტო მატჩში ნორვეგიას უმასპინძლებს.

ნორვეგიასთან შეხვედრა 20:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.