ვილი სანიოლი - ყაზაიშვილის არგამოძახება მე გადავწყვიტე, ბოლო თამაშებით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ყაზაიშვილის არგამოძახება მე გადავწყვიტე, ბოლო თამაშებით ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი #1TVSPORT

ვილი სანიოლმა სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ პრესკონფერენციაზე ოქტომბრის მოახლოებული სანაკრებო მატჩებისთვის შემადგენლობაში შეტანილ ცვლილებებზე ილაპარაკა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვაკო ყაზაიშვილის არყოფნის მიზეზი დაასახელა და გიორგი ჩაკვეტაძეზეც ისაუბრა:

„სექტემბერში გამოძახებულ დებიუტანტებსა და ჩაკვეტაძეს რაც შეეხებათ – მწვრთნელი ვარ და მე ვარჩევ, ვინ იმსახურებს ნაკრებში თამაშს. ვინც აღარ არის, მეტი შრომა სჭირდებათ, რომ ნაკრებში ითამაშონ. ჩაკვეტაძემ რთული პერიოდი გამოიარა. სექტემბერში 10-15 წუთი თამაშობდა, მაგრამ გვერდში დგომა სჭირდებოდა. ახლა მისი მდგომარეობა გაუმჯობესდა და უფრო მეტი ხანი შუეძლია თამაში. თუ ყველაფერი კარგად იქნება, ნაკრებს ის ძალიან დაეხმარება.

ყაზაიშვილს რაც შეეხება, მის არგამოძახებაზე გადაწყვეტილება მე მივიღე. ბოლო თამაშები ბოლომდე კმაყოფილი ვერ დავრჩი. არ ვამბობ, რომ ნაკრებში აღარ გამოვიძახებ, მაგრამ შორი გზის და ბოლო თამაშების შემდეგ ასე ჩავთვალე საჭიროდ.

მიმდინარე საკვალიფიკაციო ეტაპზე მიღებული ყვითელი ბარათების გამო, საბერძნეთის წინააღმდეგ გოგა ჩაბრაძე და გურამ კაშია ვერ ითამაშებენ. ორივე ფეხბურთელი საწვრთნელ შეკრებას სრულად გაივლის და ეროვნულ ნაკრებთან ერთად კოსოვოსთან მატჩისთვის მოემზადება“.

გუნდს ისევ შეუერთდებიან წინა შეკრებაზე არმყოფი გამოცდილი მოთამაშეები – ლაშა დვალი (ფერენცვაროში, ბუდაპეშტი, უნგრეთი), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოზნანი, პოლონეთი), ხვიჩა კვარაცხელია (რუბინი, ყაზანი, რუსეთი), ვაკო გვილია (რაკუვი, ჩესტოხოვა, პოლონეთი) და თორნიკე ოქრიაშვილი (აპოელი, ნიქოზია, კვიპროსი). თავიდან გიორგი ქვილითაია სანიოლმა ისევ განაცხადს მიღმა დატოვა და მხოლოდ ოთარ კიტეიშვილის ტრავმის გამო დაამატა. არ არის სიაში ვაკო ყაზაიშვილიც, ბათუმის „დინამოდან“ კი შვიდის ნაცვლად ოთხი მოთამაშე გამოიძახა.

9 ოქტომბერს საქართველოს ეროვნული ნაკრები „ბათუმი არენაზე“ მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში საბერძნეთს უმასპინძლებს. საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე შეხვედრას კი გუნდი პრიშტინაში კოსოვოს წინააღმდეგ 12 ოქტომბერს გამართავს. ორივე შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.