ვილი სანიოლი - უნდა იცოდე იმ ქვეყნის გარემო, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც ავარჯიშებ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - უნდა იცოდე იმ ქვეყნის გარემო, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც ავარჯიშებ #1TVSPORT

ვილი სანიოლი სასტუმრო „შერატონში“ მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. მან პრესკონფერენციაზე რუმინეთთან და ​ნიდერლანდებთან მოახლოებულ სანაკრებო შეხვედრებამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.

– მარტის თამაშებში მეტი იყო შესაძლებელი. მეტი ქულის მოპოვებაც შეგვეძლო. დავინახეთ, რა ნაბიჯებია გადასადგემელი, უკეთესი შედეგი რომ გვქონდეს. მუშაობა უნდა განვაგრძოთ. მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ შესაძლებლობებით და რესურსით, რაც ნაკრებმა აჩვენა.

– ბათუმში არაჩეულებრივი სტადიონია, საოცარი ატმოსფეროთი. დიდ და პატარა არენებს შორის განსხვავება არის, მაგრამ მთავარი მაინც სტადიონზე არსებული ატმოსფეროა, რაც ბათუმში მომეწონა. მაგრამ ახლა რუმინეთთან და ნიდერლანდებთან ამხანაგურ მატჩებზე ვფიქრობ.

– სიურპრიზი იყო, რომ კუხიანიძე მივიწვიე. იგი ნაკრებში იმიტომაა, რომ განსხვავებულია სხვა მოთამაშეებისგან, ვისაც ამ პოზიციაზე განვიხილავდით. კუხიანიძე ძალიან მონდომებულია და საინტერესო იქნება მისი ნახვა. არ აქვს მნიშვნელობა, 3-4 წლის წინ ვინ რა მდგომარეობაში იყო, მთავარია, ახლა ვინ რა ფორმაშია. საინტერესო მოთამაშეებს კიდევ მოვიწვევთ.

– რატომ არ არის მიწვეული ფამაგუსტას „ანორთოსისის“ თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია? ვთვლი, რომ მას აქვს კარგი რესურსი. მოთამაშე ნაკრებში 100 პროცენტით მზად უნდა იყოს, რომ შესაძლებლობები აჩვენოს, მაგრამ სასურველი იქნება, უკეთეს ფიზიკურ ფორმაში იყოს. ის პროფესიონალია და იმედია, ამ ნაბიჯს გაიგებს. ახლა კუხიანიძის ნახვა მსურდა. შემდგომში მჯერა, რომ ქვილითაია გუნდს ისევ დაეხმარება.

– ასისტენტთან ერთად გადავწყვიტე, ვიცხოვრო სასტუმროში, რადგან უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო ხალხთან და უნდა იცოდე იმ ქვეყნის გარემო, რომლის ეროვნულ ნაკრებსაც ავარჯიშებ. მადლობა ფეხბურთის ფედერაციას, რომელმაც ამაში მხარი დამიჭირა.

– ჩემი შეხედულება მაქვს საქართველოს ჩემპიონატზე, მაგრამ რა არის შესაცვლელი, აჯობებს, ამის შესახებ გუნდების წარმომადგენლებთან ვილაპარაკო. თანამედროვე ფეხბურთში მნიშვნელოვანია ფიტნესი და ფიზიკური მომზადება. იმედია, უახლოეს წლებში ამ კუთხით უკეთესი ვითარება იქნება.

– კვარაცხელიას საინტერესო და რთული სეზონი ჰქონდა. ტრავმის გამო თამაშები გაუცდა, მაგრამ რთული ტრავმები არ იყო და ჩვენთან ერთად მოემზადება. რაც შეეხება ჩაკვეტაძეს, მას ტრავმა აქვს და მასთან დაკავშირებით განსხვავებული ვითარებაა. მაგრამ ის გვჭირდება და იმედია სრულად მომჯობინდება.

– კანკავას არყოფნაში ნაკრების კაპიტანი გურამ კაშია იქნება. ის ვიცე-კაპიტანია. მარტის მატჩებში ვნახე, რომ გუნდს ორი კარგი ლიდერი ჰყავს.

ჟურნალისტები ნაკრებში არგამოძახებული სამი მოთამაშითაც დაინტერესდნენ: რატომ არ არიან ნაკრებში ერთადერთი ქართველი ლა ლიგაში ქოჩორაშვილი, ერთ-ერთი ყველაზე შედეგიანი თავდამსხმელი ბერიძე და მამუჩაშვილი, რომელიც ეროვნულ ლიგაში გამორჩეულია იმ პოზიციაზე, რომელზეც კანკავა თამაშობს? 

– ქოჩორაშვილს ვაკვირდებით. ის კარგ ლიგაშია, მაგრამ ბევრი სათამაშო დრო არ აქვს. „ლევანტეს“ მეორე და ეროვნული გუნდის დონეს შორის კი დიდი სხვაობაა, მაგრამ ის ჩვენი მეთვალყურეობის ქვეშაა. ბერიძე საინტერესოა, მაგრამ ამ პოზიციაზე ახლა დავითაშვილი და მოვიწვიეთ. რაც შეეხება მამუჩაშვილს, საინტერესო მოთამაშეა და ვაკვირდებით.

შეგახსენებთ, რომ 2 ივნისს საქართველოს ნაკრები რუმინეთს ესტუმრება (მატჩი 22:45 საათზე დაიწყება), ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს ენსხედეში ეწვევა (20:00). ამხანაგური მატჩების პირდაპირ ტელეტრანსლაციებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.