ვილი სანიოლი - თამაშის ასე შემოტრიალება რომ შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს #TVSPORT
ვილი სანიოლი - თამაშის ასე შემოტრიალება რომ შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს #TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ნორვეგიის ეროვნულ ნაკრებთან ფრედ (1:1) დასრულებული მატჩის შემდეგ „ბათუმი არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და მატჩი შეაფასა.

„საწყისი 20 წუთით კმაყოფილი არ ვიყავი, ბურთს ვკარგავდით და არაფერი გამოგვდიოდა. ამის შემდეგ შევცვალეთ სათამაშო სქემა, თამაშში მეორე თავდამსხმელი ჩავრთეთ და ამან ჩვენს თამაშზე გავლენა მოახდინა.

პირველი ნახევრით უკმაყოფილო ვიყავი, მაგრამ როდესაც თამაშის ასე შემოტრიალება შეგვიძლია, ეს გუნდის პოტენციალზე მეტყველებს.

მამარდაშვილს რაც შეეხება, მან დღეს ფანტასტიკური შეხვედრა ჩაატარა. გიორგიმ რამდენიმე ეპიზოდში წარმოუდგენელი ბურთი აიღო.

გიორგი მიქაუტაძე ბოლო დროს კლუბშიც და ნაკრებშიც მაღალ დონეზე თამაშობს. ისიც გასათვალისწინებელი იყო, რომ ზივზივაძეს „კარლსრუეში“ ნაკლები სათამაშო დრო აქვს, ბუდუ რომ ათამაშდება და ფიზიკურადაც უკეთ იქნება, მისი და მიქაუტაძის დუეტს ერთად მეტი დრო მიეცემა.

ერთა ლიგაზე ხვიჩა კვარაცხელია ცენტრშიც მოქმედებდა. ის იმდენად ნიჭიერია, სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ისეთი ადამიანია, სადაც არ უნდა დავაყენოთ, მთელი მონდომებით თამაშობს. თუმცა „ნაპოლიში“ მარცხნიდან მოქმედებს და დავფიქრდები, ნაკრებში სად უფრო ეფექტური იქნება.

სად ვხედავ ჩაკვეტაძეს? ყველამ კარგად ვიცით, რომ ნიჭიერი მოთამაშეა. მან ჯერ ახლა დაიწყო ფორმის აღდგენის პროცესი. თანამედროვე ფეხბურთი ძალიან სწრაფი და შრომატევადია. ჯერ ჩაკვეტაძე არ არის ისეთ კონდიციებში, რომ ასეთ დატვირთას გაუძლოს. ფორმაში რომ შევა, თუ დაიმსახურებს, ის ძირითად შემადგენლობაში ითამაშებს.

გაძლიერება ყველა პოზიციაზე სასურველია. სათამაშო სქემას რაც შეეხება, აქამდე 3-5-2-ს წარმატებით ვიყენებდით, მაგრამ ყველაფერი იცვლება და სიტუაცია უნდა გავაანალიზოთ. ფაქტია, რომ როდესაც მეორე ნახევარში ახალ სქემაზე (4-4-2) გადავეწყვეთ, ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.