ვილი სანიოლი - შოტლანდიასთან მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია #1TVSPORT
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „დინამო არენაზე“ პრესკონფერენცია გამართა და შოტლანდიასთან (16 ნოემბერს) მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.
„ახლა რთულია იმაზე საუბარი, რომ თბლისში შოტლანდიასთან აქამდე არ წაგვიგია. შესაძლოა, ეს სტატისტიკა ადრე თუ გვიან დასრულდეს. ახლა ჩვენთვის მთავარია, რომ მარტის პლეი ოფისთვის კარგად მოვემზადოთ – ამ კუთხით ეს ორი მატჩი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
გუნდში საკმაოდ კარგი გარემოა, რადგან ოქტომბრის თამაშები წარმატებით ჩავატარეთ. ვიცი, რომ ზურიკო დავითაშვილი შვილს ელოდება. მას არჩევანის საშუალება მივიეცით და მან გუნდში დარჩენა გადაწყვიტა.
სიგუას თაობაზე „ბაზელმა“ შეკრებამდე გვაცნობა, რომ აქილევსის მყესი აწუხებს და იძლებული ვიყავით, მასზე უარი გვეთქვა. რაც შეეხება ხვალინდელ შეხვედრას, შოტლანდიის ნაკრები კარგი გუნდია. ეს შეხვედრა ორივე ნაკრებისთვის მნიშვნელოვანია – ჩვენ პლეი ოფისთვის ვემზადებით, ისინი კი ევროპის ჩემპიონატისთვის. არა მგონია, მატჩი უგოლოდ დასრულდეს.
როგორ შევაფასებ კვარაცხელიას ამჟამინდელ მდგომარეობას? გასული სეზონი მისთვისაც და მისი გუნდისთვისაც გამორჩეული იყო. ზედიზედ ასეთი შდეგის გამეორება რთულია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ხვიჩა თავის ფორმას დაუბრუნდება“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.
მატჩების განრიგი:
16 ნოემბერი, თბილისი
21:00 | საქართველო – შოტლანია
19 ნოემბერი, ვალიადოლიდი
23:45 | ესპანეთი – საქართველო