ვილი სანიოლი - შევეცდებით, რუმინეთთან საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - შევეცდებით, რუმინეთთან საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ #1TVSPORT

რუმინეთთან შეხვედრამდე საქართველოს ნაკრებმა პლოეშტის სტადიონზე ვარჯიში გამართა, ხოლო „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია და მომავალ დაპირისპირებასა და ამხანაგურ მატჩებში გუნდის მიზნებზე ილაპარაკა.

„ვიცით, რომ რუმინეთი კარგი გუნდია და ხვალ რთული მატჩი გველის. ვფიქრობ, როდესაც საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობ, თავი საუკეთესოდ უნდა წარმოაჩინო. ვიცით, რომ ხვალინდელ შეხვედრას გულშემატკივართა გარკვეული რაოდენობა დაესწრება და ვფიქრობ, რომ კარგი გარემო იქნება. ჩვენი მხრივ, მაქსიმალურად შევეცდებით საუკეთესო ფეხბურთი ვაჩვენოთ.“

„ჯვაროსნები“ მთავარმა მწვრთნელმა საკვალიფიკაციო ეტაპზეც გაამახვილა ყურადღება, რომელიც სექტემბერში განახლდება.

„საკვალიფიკაციო ეტაპი სექტემბერში განახლდება. რუმინეთისა და ნიდერლანდების წინააღმდეგ გასამართი ამხანაგური მატჩები ჩვენ საშუალებას გვაძლევს სხვადასხვა ფეხბურთელებს დავაკვირდეთ, სხვადასხვა ტაქტიკა მოვსინჯოთ, რათა ესპანეთისა და კოსოვოს წინააღმდეგ გასამართ შეხვედრებს საუკეთესო მდგომარეობაში შევხვდეთ.“

სანიოლის თქმით, მას თავის ფეხბურთელებში ის მოწონს, რომ ბოლომდე იხარჯებიან.

„საქართველოს არის ქვეყანა, რომელსაც თავის სპეციფიკა და კულტურა გააჩნია. მე ჩემს ფეხბურთელებში მომწონს, რომ როდესაც მოედანზე არიან ბოლომდე იხარჯებიან. შესაძლოა, ისინი მსოფლიოს საუკეთესო ლიგებსა და კლუბებში არ თამაშობენ, მაგრამ მე შემიძლია მათ ვენდო და ჩემთვის ამ ფეხბურთელებთან მუშაობა ძალიან სასიამოვნოა.“

ივნისში საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს: 2 ივნისს რუმინეთს შეხვდება, ხოლო 6 ივნისს – ნიდერლანდებს.

 

ამხანაგური მატჩების განრიგი

2 ივნისი | 22:45 – პლოიეშტი

რუმინეთი – საქართველო

6 ივნისი | 20:00 – ენსხედე

ნიდერლანდები – საქართველო

ორივე მატჩის პირდაპირ ტელერეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟებს – საქართველოს რადიო, FM 102,3.

დატოვე კომენტარი