ვილი სანიოლი - შესაძლოა, მეტოქემ რაღაც მომენტში გვაჯობა, მაგრამ საბოლოოდ, დისციპლინა და კლასი გამოვავლინეთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - შესაძლოა, მეტოქემ რაღაც მომენტში გვაჯობა, მაგრამ საბოლოოდ, დისციპლინა და კლასი გამოვავლინეთ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ მაკედონიასთან (2:0) მოგებაზე ისაუბრა. ამ გამარჯვებით გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა, „ბ“ დივიზიონში დაწინაურდა და ევრო 2024-ის შესარჩევის პლეი ოფში ითამაშებს. „ჯვაროსნების“ ფრანგმა სპეციალისტმა „დინამო არენაზე“ გამართულ პრესკონფერენციაზე განვლილი მატჩი შეაფასა.

„დღეს ჯგუფში გამარჯვებას ვზეიმობთ და პლეი ოფში გასვლას, მაგრამ ევრო 2024-ისთვის მატჩები 6 თვის შემდეგ გაიმართება და ჯერ არ არის დრო, რომ ამაზე ვიფიქროთ. დაგეგმილი არ იყო, რომ ბურთი მეტოქისთვის დაგვეთმო. დღეს მაკედონიამ სხვა სისტემით ითამაშა და გარკვეული დრო დაგვჭირდა, რომ ალღო აგვეღო. ამის მიზეზი ისიცაა, რომ მოთამაშეების ნაწილი პრესის ქვეშ თამაშობდა, მაგრამ პირველი გოლის შემდეგ გუნდი გაიხსნა.

ჩრდილოეთ მაკედონია ძლიერი გუნდია, რაღაც მომენტში, შესაძლოა, გვაჯობეს, მაგრამ მთლიანობაში სათამაშო დისციპლინა და ის კლასი გამოვავლინეთ, რომელიც ამ შეხვედრაში გადამწყვეტი აღმოჩნდა.

გიბრალტარში ვის ვათამაშებ? ეს ჯერ არ გადამიწყვეტია. ეს მნიშვნელოვანი მატჩია. თუ საჭირო გახდება ცვლილება, ამას გავაკეთებ. მთავარია, ფიზიკური კონდიციებს ვინ როგორ აღიდგენს. ვნახავთ და შემადგენლობას ამის მიხედვით დავაყენებთ. ფეხბურთში ხშირად ხდება, თამაში ერთი იდეით იწყება და შემდეგ ცვლი. პირველ ტაიმში სისწრაფე გვაკლდა და გოლის შემდეგ გავიხსენით. მთავარია, რომ შევცვალეთ თამაში და გამარჯვება მოვიპოვეთ.

ჩაკვეტაძის მდგომარეობას რაც შეეხება, დღეს სიცხე და მუცლის ტკივილი აწუხებდა. ხვალ დილით თუ არ გამოჯანმრთელდა, გიბრალტარში ვერ ითამაშებს. თუმცა, იმსახურებს და ეს გამგზავრებამდე გვეცოდინება“, – ამბობს ვილი სანიოლი.