ვილი სანიოლი - ქოჩორაშვილის მსგავსი მოთამაშე გვაკლდა, კაკაბაძის დაბრუნება მახარებს, საქართველო კარგი ქვეყანაა და ევროპამ უნდა გაიცნოს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ქოჩორაშვილის მსგავსი მოთამაშე გვაკლდა, კაკაბაძის დაბრუნება მახარებს, საქართველო კარგი ქვეყანაა და ევროპამ უნდა გაიცნოს #1TVSPORT

ესპანეთის ეროვნულ ნაკრებთან ევრო 2024-ის შესარჩევი ციკლის ბოლო მატჩამდე საქართველოს ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ნაკრების მზადყოფნაზე ისაუბრა.

„ესპანეთთან თბილისში ჩატარებული მატჩი ძალიან რთული იყო ჩვენთვის, თუმცა იმ მძიმე მარცხმა ბევრი რამ გვასწავლა. დავფიქრდით პრიორიტეტებზე, სათამაშო სტილზე, მიდგომაზე. ფეხბურთელებს არ დავიწყებიათ ის მარცხი, თუმცა აქ რევანშისთვის არ ჩამოვსულვართ. ახლა მარტის პლეი ოფისთვის ვემზადებით და მოთამაშეებმა მხოლოდ საკუთარ ასპარეზობაზე და გუნდის წარმატებულ თამაშზე უნდა იფიქრონ. შესაძლოა, ესპანეთის დონის ნაკრებთან ძალიან კარგად ითამაშო, მაგრამ მაინც დამარცხდე. ასე რომ, ხვალინდელ შეხვედრაში მხოლოდ შედეგზე არ უნდა ვიფიქროთ და კონცენტრაცია შევძლოთ საკუთარი ასპარეზობის ხარისხზე.

შოტლანდიასთან შეხვედრის 70 წუთი ძალიან კარგი იყო, მეორე გოლი კი ბევრი მცირე შეცდომის გამო გავუშვით, ამის შესახებ ვისაუბრეთ. შეცდომებს ყველა ვუშვებთ, თუმცა ჩვენი მიზანია, რომ დაშვებული შეცდომა აღარ გავიმეოროთ. ვფიქრობ, ახლა გუნდი სწორ გზაზეა. მუშაობის მშვიდად გაგრძელება გვჭირდება, მარტისთვის ეს მნიშვნელოვანი იქნება.

ოთარ კაკაბაძე ყოველთვის ჩვენთან ერთად არის და თამაშობს, როდესაც ტრავმა არ აქვს. იშვიათად უშვებს შეცდომებს და როდესაც მარჯვენა ფლანგზე ასეთი მოთამაშე გყავს, თავს მშვიდად გრძნობ. დიდი ხნის განმავლობაში ჰქონდა ტრავმა, თუმცა შოტლანდიასთან ძალიან კარგად დაბრუნდა და ბრწყინვალე მატჩი ჩაატარა. ახლაც მზადაა სათამაშოდ და ეს მახარებს.

გიორგი ქოჩორაშვილი ესპანეთში დიდი ხანია თამაშობს და განსხვავებული მენტალიტეტი აქვს. ძალიან მომწონს ეს მოთამაშე. როდესაც საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გავხდი, მითხრეს, რომ ესპანეთში ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი იყო. სამწუხაროდ, მაშინ ბევრი სათამაშო დრო არ ჰქონდა, თუმცა მიმდინარე სეზონში „ლევანტეში“ ეს პრობლემა აღარ აქვს. საინტერესო ფეხბურთელია როგორც ბურთით, ისე უბურთოდ და ვფიქრობ, რომ სწორედ ასეთი ტიპის მოთამაშე გვაკლდა ბოლო პერიოდში ნახევარდაცვაში. ვიმედოვნებ, კლუბშიც გააგრძელებს თამაშს და მარტის მატჩებს სრულ მზადყოფნაში შეხვდება.

ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე თამაში არის ოცნება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს ნაკრებისთვის, ფეხბურთის ფედერაციისა და მთლიანად ქვეყნისთვის. მოთამაშეებმა ბევრი იშრომეს ბოლო სამი წლის განმავლობაში და ევრო 2024-ზე მოხვედრა მათთვის დამსახურებული იქნება. მეც ძალიან მსურს იქ ამ ნაკრების ხილვა. ეს სჭირდება საქართველოს, რათა მთელმა ევროპამ გაიგოს, რომ ეს კარგი ქვეყანაა, სადაც შესანიშნავი ფეხბურთელები თამაშობენ. ვფიქრობ, სწორი გზით მივდივართ, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი მოედანზე წყდება. ვიმედოვნებ, ესპანეთთან თავს სათანადოდ წარმოვაჩენთ“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ვალიადოლიდში ესპანეთი – საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (ფმ 102.3).