ვილი სანიოლი - ლუკა ლოჩოშვილი სათამაშოდ მზადაა, გიორგი გველესიანს შანსი აქვს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ლუკა ლოჩოშვილი სათამაშოდ მზადაა, გიორგი გველესიანს შანსი აქვს #1TVSPORT

კვიპროსისა და საქართველოს ეროვნული გუნდების ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა „კრემონეზეს“ მცველის, ლუკა ლოჩოშვილისა და ირანის ჩემპიონატიდან გამოძახებული გიორგი გველესიანის შესახებ ისაუბრა.

„ლუკა ლოჩოშვილი მარტში დაზიანებისა და შემდეგ სათამაშო პრაქტიკის ნაკლებობის გამო არ იყო ჩვენთან. გასულ წელს ის ყველა საწვრთნელ შეკრებაზე იმყოფებოდა. დღეს სწორედ იმიტომ არის ნაკრებში, რომ კარგ ფორმაშია, ბევრი მატჩი ჩაატარა და მზად არის მოახლოებული თამაშებისთვის.

საბა საზონოვისა და დავით ხოჭოლავას არყოფნამ სხვა მოთამაშეებს მისცა შანსი. ვფიქრობ, გიორგი გველესიანმა ბოლო ექვსი თვის განმავლობაში მაღალ დონეზე ითამაშა და ჩავთვალე, მის გამოსაძახებლად სწორი მომენტი იყო. მას აქვს შანსი, გვაჩვენოს საკუთარი შესაძლებლობები“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

კვიპროსი – საქართველოს მატჩი 17 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება. შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ, ხოლო რადიორეპორტაჟს – საქართველოს რადიო (102,3).