ვილი სანიოლი - კვარაცხელიას პოტენციალს თავდასხმაში უკეთესად გამოვიყენებთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კვარაცხელიას პოტენციალს თავდასხმაში უკეთესად გამოვიყენებთ #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ისაუბრა იმ მიზეზებზე, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას, მარცხენა ფლანგის ნაცვლად, თავდასხმის ცენტრში ათამაშებს.

„ხვიჩა კვარაცხელია ჩვენთვის საკვანძო მოთამაშეა, რომელსაც მეტოქის კართან ხიფათის შექმნა შეუძლია. სწორედ ამიტომ მიმაჩნია, რომ ცენტრში უფრო სასარგებლოა. მან ბევრი გოლი გაიტანა ამ პოზიციაზე თამაშისას. ამის შესახებ ვესაუბრე და იცის, რომ ნაკრებში უფრო ცენტრში შეწეულმა უნდა ითამაშოს.

ამ პოზიციაზე მოედნის უფრო მოკლე მონაკვეთზე უწევს დაცვითი ფუნქციების შესრულება, რაც საშუალებას გვაძლევს, მისი პოტენციალი უფრო მეტად შეტევაში გამოვიყენოთ. მსოფლიო დონის ნებისმიერ მოთამაშეს შეუძლია სხვადასხვა პოზიციაზე თამაში და ხვიჩა ერთ-ერთი მათგანია“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.

ნოემბერში საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ორ მატჩს გამართავს. 16 ნოემბერს თბილისში შოტლანდიას უმასპინძლებს (21:00), ხოლო 19 ნოემბერს ვალიადოლიდში ესპანეთს ესტუმრება (23:45).

ორივე შეხვედრის პირდაპირ ტელერეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.