ვილი სანიოლი - კარში ლორია იქნება და გუნდსაც ის უკაპიტნებს #1TVSPORT
ვილი სანიოლი - კარში ლორია იქნება და გუნდსაც ის უკაპიტნებს #1TVSPORT

მონღოლეთის ნაკრებთან საქართველოს ეროვნული ნაკრების კარს გიორგი ლორია დაიცავს, – ამის შესახებ „ჯვაროსნების“ მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა ბათუმში გამართულ მატჩისწინა პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„უახლოეს ორ მატჩში, მესამე მეკარის (ლუკა გუგეშაშვილი) გარდა, სათამაშო დრო ყველას მიეცემა, მაგრამ ახლა ვერ გეტყვით, ვინ რამდენი ხნით ითამაშებს. ლუკა გუგეშაშვილი ბევრად გაზრდილია, ვიდრე 18 თვის წინ იყო. ერთ დღეს ის მზად იქნება ნაკრების კარის დასაცავად, მაგრამ ეს ხვალ არ მოხდება – მონღოლეთთან ლორია იდგება და გუნდსაც ის უკაპიტნებს. კაშია? ჩვენი კაპიტანი კაშია ხვალ დაისვენებს.

ნაკრებში დებიუტი ექნება გაბრიელ საგუასაც. ძალიან ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელსაც დიდი მომავალი აქვს, მათ შორის ნაკრებშიც. თავდაპირველად მორიდებულად იყო და ეს ლოგიკურია, რადგან შეკრებაზე პირველად გამოვიძახეთ. ტაბიძის და მექვაბიშვილის გარდა, გუნდელებს არ იცნობდა. მას ვესაუბრე და ავუხსენი, უახლოეს მომავალში რისი გაუმჯობესება შეუძლია.

ხვიჩა კვარაცხელია? რა თქმა უნდა, ის ჩვენთვის დიდი ძალაა და კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მარტო ერთი მოთამაშე ვერ მოიგებს – ჩვენ გუნდში სხვა ფეხბურთელებიც გვყავს“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მონღოლეთის ნაკრებთან ამხანაგურ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 25 მარტს, 18:00 საათზე გამართავს. 28 მარტს კი ჩვენი გუნდი 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი ტურის შეხვედრაში ნორვეგიას დაუპირისპირდება. ორივე შეხვედრას ბათუმი უმასპინძლებს.