ვილი სანიოლი - ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ, ფეხბურთელებს შევაფასებთ და სათამაშო სტილზე ვიმუშავებთ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს გავმართავთ, ფეხბურთელებს შევაფასებთ და სათამაშო სტილზე ვიმუშავებთ #1TVSPORT

საბერძნეთის წინააღმდეგ (1:1) გამართული თამაშის დასრულების შემდეგ ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა განაცხადა, რომ ზაფხულში გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში სხვა ფეხბურთელებსაც დააკვირდება.

„კვირით კმაყოფილი ვარ. არ მომწონს ქულების რაოდენობა, რადგან ვთვლი, რომ ცოტა უფრო მეტი უნდა გვქონდეს. მენტალობა, შრომა და დისციპლინა, რაც ფეხბურთელებისგან ვიხილე, ძალიან მომეწონა. ივნისში ამხანაგურ შეხვედრებს ჩავატარებთ, რომელიც საშუალებას მოგვცემს, სხვა ფეხბურთელებიც შევაფასოთ. იმიტომ, რომ როდესაც მოკლე პერიოდში ზედიზედ სამი შეხვედრის გამართვა გიწევს, უფრო სხვა ფაქტორებზე კონცენტრირდები,“ – განაცხადა ვილი სანიოლმა.

მან ზაფხულში დაგეგმილი შეკრებაზე ილაპარაკა:

„აღნიშნულ შეკრებაზე არამხოლოდ ფეხბურთელებს დავაკვირდებით, არამედ ვიმუშავებთ ჩვენს სათამაშო სტილზე. მე ყოველთვის ვამბობ, რომ მსურს ცოტათი უფრო მეტად ვაკონტროლებდეთ თამაშს და ამაზე უნდა ვიმუშაოთ. ასევე ველოდები სექტემბერს, რათა საკვალიფიკაციო ეტაპი განახლდეს. შევეცდებით საქართველო საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინოთ“.

საქართველოს ეროვნული ნაკრები მომავალ მატჩს მიმდინარე წლის ორ ივნისს გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ შეხვედრაში სტუმრად რუმინეთის ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება. სხვა ამხანაგურ მატჩებზე ჯერ არაფერია ცნობილი. საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო შეხვედრას კი, „ჯვაროსნები“ ორ სექტემბერს, საკუთარ მოედანზე, კოსოვოსთან გამართავენ.

დატოვე კომენტარი