ვილი სანიოლი France Football-ს ესაუბრა - საქართველოში კვარაცხელია უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ზიდანი საფრანგეთში #1TVSPORT
ვილი სანიოლი France Football-ს ესაუბრა - საქართველოში კვარაცხელია უფრო მნიშვნელოვანი ფიგურაა, ვიდრე ზიდანი საფრანგეთში #1TVSPORT

გამოცემა France Football-მა საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ვილი სანიოლს ინტერვიუ ჩამოართვა, სადაც ფრანგმა სპეციალისტმა ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

„ჩვენ ევროპის ჩემპიონატი მოვიგეთ – ჩემთვის მთავარი ჯილდო ბედნიერი ხალხის ნახვა იყო. პორტუგალიასთან მოგების შემდეგ ფეხბურთელებს საშუალება მივეცი, ეს სიხარული გელზენკირხენში დიდი რაოდენობით მყოფ ქართველ ქომაგებთან ერთად გაეზიარებინათ, მერე კი გასახდელში შევედით.

ოცდაათი წუთის შემდეგ მივხვდი, რომ ტურნირზე ეს ჩვენი ბოლო გამარჯვება იყო. დავინახე, რომ ფეხბურთელები ფიზიკურად და ემოციურად გადაღლილები იყვნენ. მერვედფინალში ესპანეთს შევხვდით, რომელიც საბოლოოდ ევროპის ჩემპიონი გახდა, მაგრამ აღარ ვნერვიულობდი და ჩემს თავს ვუთხარი: „დასრულდა, ჩვენ ამ ეტაპზე მიზანს მივაღწიეთ“.

იმ მომენტიდან საქართველოს ნაკრების სტატუსი შეიცვალა. ევროპის ჩემპიონატამდე, ყველა დიდი საერთაშორისო შეჯიბრის დროს ქართველები რომელიმე უცხოურ ნაკრებს ქომაგობდნენ, ბოლო რამდენიმე წელი კი საქართველოს ნაკრები უალტერნატივო გახდა, ეს ყველაფერს ცვლის. მას შემდეგ, მაგალითად, საქართველოში, რესტორანში შესვლისას თანხას არ მახდევინებენ. ამ ქვეყნისთვის თუ რამე კარგი გააკეთე, ეს მთელი ცხოვრება ამახსოვრდებათ. ახლა საქართველოში ფიქრობენ, რომ მსოფლიო ჩემპიონები გავხდებით, ოცნებას საზღვარი არ აქვს, მაგრამ ეს შესანიშნავია.

ევრო 2024-ზე პორტუგალიასთან მატჩამდე კვარაცხელიას ვესაუბრე. ის ცოტა უხერხულად მომიახლოვდა და მითხრა: „თუ გინდა, რომ სათადარიგოთა სკამზე დამსვა, გავიგებ, რადგან კარგ ფორმაში არ ვარ“. ვკითხე: „როგორ, „ნაპოლიში“ ხომ მთელი სეზონი კარგ ფორმაში იყავი?“ მან მიპასუხა: „იქ თავს თავისუფლად ვგრძნობდი, მაგრამ ახლა მძიმე ტვირთი მაწევს“.

კვარაცხელია საქართველოში ისეთივე ფიგურაა, როგორც საფრანგეთში ზიდანი, მაგრამ ათასჯერ უფრო მნიშვნელოვანი. როგორც კი პირველად ვნახე, მაშინვე რიბერის შევადარე – ხვიჩა ფეთქებადი ფეხბურთლია, რომლის შეჩერებაც მეტოქეებისთვის თითქმის შეუძლებელია.

მიკვირს, რომ „ნაპოლიში“ გადასვლამდე ფრანგულმა კლუბებმა კვარაცხელიას შეთავაზებებით არ მიმართეს. ერთადერთი „ნიცა“ და ჟულიენ ფურნიე არ იყო გულგრილი ქართველი მოთამაშისადმი, თუმცა მან საკმარისად სწრაფად არ იმოქმედა“.

ფოტო: Nakrebi.ge