ვილი სანიოლი - ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მთავარია, მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მთავარია, მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ #1TVSPORT

საქართველოს ნაკრებმა ესპანეთთან მატჩის წინ „დინამო არენაზე“ ივარჯიშა, ხოლო გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა პრესკონფერენციაზე მოახლოებული შეხვედრისთვის „ჯვაროსნების“ მზადებაზე ისაუბრა.

„21-წლამდელების ევროპის ჩემპიონატი წარმატებული გამოდგა, თუ გავითვალისწინებთ, როგორ ჯგუფში მოვხდით, საიდანაც გასვლა უკვე დიდ წარმატებად მიმაჩნია. საწყენი იყო ისრაელთან პლეი ოფში წაგება, როდესაც მანამდე უკეთეს ნაკრებებს ვაჯობეთ, მაგრამ მთავარია, ახალგაზრდებს შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება მიეცათ. საზონოვი იტალიაში გადავიდა, კალანდაძე ეროვნულ გუნდში მოვიწვიეთ.

ხვალ შესასრჩევ ციკლში მეოთხე მატჩს ჩავატარებთ და, ბუნებრივია, გადამწყვეტი არაა, მაგრამ მნიშვნელოვანია. ვიცით, რომ საქართველოში ამ შეხვედრასთან დაკავშირებით დიდი მოლოდინია. თუმცა ნაკრები ერთ დღეში არ აშენებულა. ესპანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, მთავარია, მოთამაშეებმა დავალებები შეასრულონ.

ახალგაზრდულიდან ვინმეს ხომ არ მივიწვევ კიდევ? ჩვენ ერთა ლიგის პლეი ოფში მოგვიწევს თამაში. ახალგაზრდა მოთამაშეებისთვის ესპანეთთან და ნორვეგიასთან თამაში შესანიშნავი გამოცდილება იქნება.

რაც შეეხება ზაფხულში ევროპაში გადასულ ქართველ მოთამაშეებს – მიხარია, რომ სატრანსფერო ფანჯარა დაიხურა, რადგან ეს მოთამაშეებისთვსი დიდი სტრესია. თუმცა ბევრი კარგი ტრანსფერი იყო – მიქაუტაძე, საზონოვი და ჩაკვეტაძე კარგ გუნდებში გადავიდნენ, რაც ეროვნული გუნდისთვის ძალიან კარგი ამბავია. ეს ნიშნავს, რომ ევროპაში ქართველ ფეხბურთელებს ნდობით ეკიდებიან.

ვინ დაარტყამს პენალტს? შოტლანდიასთან კვარაცხელიამ შეასრულა და ვერ გამოიყენა, მაგრამ მას სრულად ვენდობი, ისევე როგორც მიქაუტაძეს და კიტეიშვილს, რომლებიც თერთმეტმეტრიანს ასევე კარგად ასრულებენ“, – განაცხადა საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა.