ვილი სანიოლი - ეს აჟიოტაჟი არ მომწონს, კვარაცხელიასადმი ჩვენ კოლექტიური პასუხისმგებლობა გაგვაჩნია #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ეს აჟიოტაჟი არ მომწონს, კვარაცხელიასადმი ჩვენ კოლექტიური პასუხისმგებლობა გაგვაჩნია #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა პრესკონფერენცია გამართა და ერთა ლიგის თამაშებისთვის საქართველოს ეროვნული ნაკრების მზადებაზე ისაუბრა.

ეროვნული გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ნაკრების შემადგენლობა უკვე დაასახელა, რომელიც ერთა ლიგის დასკვნითი მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. „ჯვაროსნები“ 23 სექტემბერს, თბილისში, ჩრდილოეთ მაკედონიას დაუპირისპირდებიან, ხოლო გიბრალტარს 26 სექტემბერს სტუმრად შეხვდებიან.

„ჩრდილოეთ მაკედონია ჯგუფში ჩვენი მთავარი კონკურენტია. ჩემთვის მთავარი იყო, ჯგუფში პირველ ადგილზე გავსულიყავით. მათ სკოპიეში გასვლაზე 3:0 მოვუგეთ, მაგრამ პირველ ტაიმში დაცვაში გარკვეული შეცდომები გვქონდა. არ ვიცი, თბილისის შეხვედრა როგორ წარიმართება, მაგრამ იმედია, სასურველი შედეგით დავასრულებთ.

ხვიჩა კვარაცხელიაზე ბევრს ვერ ვიტყვი. მე არ მომწონს ის აჟიოტაჟი, რაც მის გარშემოა. ჩემი შვილიც რომ იყოს, ყოველდღე არ ვეტყვი, რომ საუკეთესოა. მის შესახებ გარკვეული ბალანსი უნდა ვიპოვოთ. ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობაა, რომ მაქსიმუმის გამოვლენაში ერთად დავეხმაროთ.

 

სრულიად ვეთანხმები სპალეტის, მას მოედანზე თავისუფლება სჭირდება. ბულგარეთის შემდეგ ვუთხარი, რომ ყოველთვის მარტო ვერ გადაწყვეტს მატჩის ბედს. მაგრამ ძალიან მშრომელი ფეხბურთელია და მჯერა, შეცდომებს გამოასწორებს. სპალეტი მაღალი დონის სპეციალისტია და დარწმუნებული ვარ, მას თამაშის გაუმჯობესებაში დაეხმარება.

მიქაუტაძემ ახალი სეზონის თამაშები უფრო უკეთ დაიწყო, ვიდრე გასულ სეზონში. ლოჩოშვილზე ცოტა რთულია საუბარი, რადგან ნაკრებში ბევრი არ უთამაშია. მაგრამ სერია A-ში მისი გადასვლით დაცვის ხაზში უფრო დიდი კონკურენცია გაჩნდა და ახლა ძირითადი შემადგენლობის არჩევა უფრო რთული გახდა.

გუნდში კონკურენციით კმაყოფილი ვარ. ბევრ პოზიციაზე გვყავს ისეთი მოთამაშეები, რომლებიც ერთმანეთს კონკურენციას უქმნიან. ეს ბევრად უკეთესი ვითარებაა, ვიდრე ერთი წლის წინ.

ვის დავაყენებ კარში? მამარდაშვილის და ლორიას სახით ორი კარგი მეკარე გვყავს. ფეხბურთი კონკურენციაა და იმას დავაყენებ, ვინც საუკეთესო ფორმაში იქნება. კუპატაძე უგუნდოდაა და ნაკრებს მესამე მეკარე რომ დაგვჭირდა, შოვნაძე დავიმატეთ. რომ არა ტრავმა, „დინამოდან“ კერესელიძეს მოვიწვევდი. მთავარია, რომ ყველა პოზიციაზე დიდი კონკურენციაა“, – განაცხადა ვილი სანიოლმა.

ჩრდილოეთ მაკედონიასთან და გიბრალტართან მატჩებისთვის მოსამზადებელი საწვრთნელი შეკრება 19 სექტემბერს, თბილისში დაიწყება. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა 23 ფეხბურთელს შორის ერთი დებიუტანტი მიიწვია – საფეხბურთო კლუბ წყალტუბოს „სამგურალის“ მეკარე ლევან შოვნაძე. ასევე დააბრუნა ჯემალ ტაბიძე, რომელსაც ტრავმების შემდეგ „დინამო თბილისში“ სათამაშო პრაქტიკა აქვს.