ვილი სანიოლი - ახალგაზრდებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან თამაში თავის გამოჩენის მშვენიერი შანსია #1TVSPORT
ვილი სანიოლი - ახალგაზრდებისთვის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან თამაში თავის გამოჩენის მშვენიერი შანსია #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ვილი სანიოლმა 17 ნოემბერს მაროკოსთან დაგეგმილ ამხანაგურ მატჩთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გამართა და გუნდის მზადებაზე ისაუბრა.

ფრანგი სპეციალისტი იძულებული გახდა შემადგენლობა შეეცვალა, რადგან ტრავმის გამო ნაკრებს „ნაპოლის“ ქართველი ლეგიონერი, ხვიჩა კვარაცხელია ვერ დაეხმარება. მთავარი მწვრთნელის გადაწყვეტილებით, მომდევნო ამხანაგური მატჩისთვის ეროვნულ ნაკრებს ბათუმის „დინამოს“ ნახევარმცველი სანდრო ალთუნაშვილი შეურთდა.

მანამდე კი ცნობილი იყო, რომ წლის ბოლო ამხანაგურ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებენ გიორგი მიქაუტაძე და დავით ხოჭოლავა, რომელთაც საკლუბო მატჩები აქვთ, ხოლო ოთარ კაკაბაძე და ბუდუ ზივზივაძე გუნდს ტრავმის გამო ვერ დაეხმარებიან.

საქართველოს ნაკრები ქალაქ შარჯაში 15 ნოემბერს გაემგზავრება და მაროკოსთან მატჩისთვის მოემზადება.

„კმაყოფილები ვართ, რომ ერთა ლიგა ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. მაგრამ თამაშით უკმაყოფილო ვარ, განსაკუთრებით გიბრალტართან გასვლაზე მატჩით. თუმცა, პროგრესი არის და ჩვენი მიზანია, წინსვლა მომავალშიც გაგრძელდეს.

კვარაცხელიას არყოფნას რაც შეეხება, შემატყობინეს, რომ ზურგის პრობლემა აქვს. მეტი, ამ ეტაპზე, მეც არ ვიცი. იმედია, ხვიჩა მალე მომჯობინდება და შემდეგი თამაშებისთვის დაგვიბრუნდება. რაც შეეხება კითხვას, ბოლოს როდის ვესაუბრე კვარაცხელიას – მას გასულ კვირას ველაპარაკე.

ევრო 2024-ის კვალიფიკაციაში ჩვენი ჯგუფი ძალიან ძლიერია. ესპანეთი ფავორიტია, მაგრამ მიმაჩნია, რომ დანარჩენებთან ბრძოლა შეგვიძლია. ბოლოდროინდელი წარმატებების შემდეგ 2-3 საფეხურით წინ ვართ, მაგრამ შრომა უნდა გავაგრძელოთ, რომ მაგალითად, შოტლანდიასთან და ნორვეგიასთან წარმატებას მივაღწიოთ.

ახალგაზრდულ ნაკრებში ევრო 2023-ზე გავუშვებ თუ არა ეროვნული ნაკრების მოთამაშეებს? მანამდე დიდი დროა, მთავარია, რომ მოთამაშეები ჯანმრთელები იყვნენ. კარგად მესმის, რომ ეს ჩემპიონატი ქვეყნისთვის და ფედერაციისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ამ საკითხზე გადაწყვეტილებას მოგვიანებით მივიღებთ.

გადავწყვიტე თამაში იმისთვის გამომეყენებინა, რომ საქმეში რამდენიმე საინტერესო მოთამაშე მენახა – ახალწვეულები საზონოვი და გოჩოლეიშვილი, ასევე შენგელია და ბერიძე, რომლებიც კლუბებში კარგად თამაშობენ. მათთვის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე გუნდთან თამაში თავის გამოჩენის მშვენიერი შანსია.

წაუგებელი სერია გვაქვს. მაგრამ ახლა ჩვენი მიზანია, რომ ვათამაშოთ საინტერესო მოთამაშეები – სერიის გაგრძელებაზე მეტად ამაზე ვფიქრობ, რომ მათ შანსი მივცეთ.

რაც შეეხება აზაროვის, გიორბელიძისა და ყაზაიშვილის არგამოძახებას. აზაროვს დიდი ხანია არ უთამაშია. ბოლო 2 მატჩი ითამაშა და იმედია, „ცრვენა ზვეზდაში“ ადგილს დაიმკვიდრებს. გიორბელიძის არ გამოძახება ჩემი გადაწყვეტილებაა. ყაზაიშვილზე კი ცნობილი მიზეზების გამო, მიღებული იყო კოლექტიური გადაწყვეტილება, რომ არ გამოგვეძახებინა“, – ამბობს ვილი სანიოლი.