ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა იმართება
ვიეტნამში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა იმართება

ვიეტნამის დედაქალაქში აშშ-ის პრეზიდენტისა და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა დაიწყო.

დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის შეხვედრა სასტუმრო „მეტროპოლში“ მიმდინარეობს. ჟურნალისტებთან საუბრისას აშშ-ის პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ ჰანოის სამიტი წარმატებული იქნება.

ორი ქვეყნის ლიდერის მოლაპარაკების მთავარი თემაა კორეის ნახევარკუნძულის ბირთვული განიარაღება.

„ჩემთვის დიდი პატივია თავმჯდომარე კიმთან ერთად ყოფნა. ძალიან კარგია თქვენთან შეხვედრა. გვქონდა ძალიან წარმატებული პირველი სამიტი და ვიმედოვნებ, რომ ეს სამიტი პირველის თანაბარი ან უფრო წარმატებული იქნება. ძალიან კარგია, რომ ჩვენ ურთიერთობაში არის დიდი პროგრესი. უკვე არაერთხელ ვთქვი და კიდევ გავიმეორებ, რომ თქვენს ქვეყანას უდიდესი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, დაუჯერებელი და შეუზღუდავი. ვფიქრობ, დიდი წარმატება გექნებათ, რადგან თქვენ ხართ დიდებული ლიდერი. მოუთმენლად ველი, რომ ეს ვნახო და დაგეხმაროთ. ჩვენ თქვენ წარმატების მიღწევაში დაგეხმარებით“, – უთხრა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს ჟურნალისტებთან გამართულ ბრიფინგზე.

თავის მხრივ, ჩრდილო კორეის ლიდერმა თქვა, რომ მეორე სამიტში მონაწილეობით აშშ-ის პრეზიდენტმა სიმამაცე გამოიჩინა.

„ჩვენი ქვეყნები ერთობლივი ძალისხმევით დაძლევენ უნდობლობასა და პრობლემებს. იმედი მაქვს, ეს სამიტი რეალურ შედეგებს მოიტანს“, – აღნიშნა კიმ ჩენ ინმა.

აშშ-ის და ჩრდილო კორეის ლიდერები რიგით მეორე სამიტს მართავენ. დონალდ ტრამპის და კიმ ჩენ ინის პირველი შეხვედრა, გასული წლის ივნისში, სინგაპურში გაიმართა.