ვიდეორეფერიმ მერებაშვილის გოლი ჩათვალა (ვიდეო)
ვიდეორეფერიმ მერებაშვილის გოლი ჩათვალა (ვიდეო)
გიორგი მერებაშვილმა პოლონეთის საფეხბურთო ლიგაში გაიტანა – ეს ქართველმა შემტევმა ექსტრაკლასას მე-16 ტურში მოახერხა.
გიორგის გუნდი პლოცკის „ვისლა“ ზაბჟეს „გურნიკს“ ესტუმრა. 33 წლის მერებაშვილმა მასპინძელთა კარი მე-40 წუთზე აიღო და პლოცკელები ანგარიშით 2:1 დააწინაურა. აღსანიშნავია, რომ ქართველი შემტევი მეკარესთან პირისპირ გავიდა და პირველი დარტყმით ვერ გაიტანა, დამატებაზე კი ბადე გაცილებით რთული პოზიციიდან შეარხია.
საქმეში ვიდეორეფერის ჩარევა გახდა საჭირო, რადგან ქართველზე ლაინსმენმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. მომენტის განხილვის შემდეგ გაირკვა, რომ მერებაშვილმა ბურთი თამაშგარეში არ მიიღო და გოლი ჩაუთვალეს.
თუმცა, სტუმრებმა ეს შანსი ვერ გამოიყენეს და გოლი გაუშვეს. საბოლოოდ, შეხვედრა ანგარიშით 2:2 დასრულდა და „ვისლამ“ ლიდერთან დაწევის შანსი ხელიდან გაუშვა. საქმე ისაა, რომ 16 ტურის შემდეგ პლოცკელები 27 ქულით ექსტრაკლასაში მე-6 ადგილზე არიან, პირველადგილოსან ვარშავის „ლეგიას“ კი მხოლოდ 2 ქულით ჩამორჩებიან.
გიორგი მერებაშვილმა ტრავმების გამო ბოლო ტურის შეხვედრები გამოტოვა. სულ „ვისლას“ ქართველმა ლეგიონერმა 16-დან 10 შეხვედრა ჩაატარა და მეორე გოლი გაიტანა.