ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა - ვაისმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა #1TVSPORT
ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა - ვაისმა ჩაკვეტაძის ტრავმაზე ისაუბრა #1TVSPORT

სლოვაკეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში ბრატისლავას „სლოვანის“ შემტევი გიორგი ჩაკვეტაძე „რუზომბეროკთან“ დაპირისპირებაში (2:0) დაშავდა და მოედანი ნაადრევად დატოვა – საქართველოს ნაკრებისა და „სლოვანის“ ნახევარმცველის ტრავმაზე გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა ისაუბრა და განაცხადა, რომ სავარაუდოდ, სერიოზული არაფერია.

„სავარაუდოდ, მეტოქე ეუხეშა ჩაკვეტაძეს, რადგან ოთხსანტიმეტრიანი ჭრილობა აქვს. ვფიქრობ, სერიოზულად არ დაშავებულა, მაგრამ ვნახოთ“, – განაცხადა ვაისმა.

საბოლოო პასუხი უცნობია, მაგრამ იმედი მაინც არის, რომ ჩაკვეტაძე საქართველოს ნაკრებს 17 ნოემბერს მაროკოსთან გასამართ ამხანაგურ შეხვედრაში მაინც დაეხმარება.

მცირე ხნის წინ ფეხბურთის ფედერაციამ გაავრცელა ცნობა, რომ ნაკრებს ხვიჩა კვარაცხელია ტრავმის გამო ვერ დაეხმარება, მაგრამ ჩაკვეტაძის არგამოძახებაზე არაფერი იყო ნათქვამი.