ვფიქრობ, რომ ომარ მორალესის დამარცხებას პირველ ან მეორე რაუნდში შევძლებ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან
ვფიქრობ, რომ ომარ მორალესის დამარცხებას პირველ ან მეორე რაუნდში შევძლებ - ექსკლუზიური ინტერვიუ გიგა ჭიკაძესთან

გიგა ჭიკაძეს აბსოლუტური საბრძოლო ჩემპიონატის (UFC) ოქტაგონზე რიგით მეოთხე ბრძოლა 31 აგვისტოს ალექს კასერესის წინააღმდეგ უნდა გაემართა, მაგრამ სამწუხაროდ ქართველ სპორტსმენს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე კორონავირუსი დაუდგინეს და ის დაპირისპირებას ავტომატურად ჩაეხსნა. ამჟამად, გიგა ლოს ანჯელესში თვითიზოლაციაში იმყოფება. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ჭიკაძე მომდევნო ბრძოლას 10 ოქტომბერს, დიდი ალბათობით – აბუ დაბის საბრძოლო კუნძულზე, ომარ მორალესის წინააღმდეგ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ ჭიკაძე UFC-ის ოქტაგონზე დაუმარცხებელია. მას სამიდან სამი გამარჯვება აქვს მოპოვებული (10-2 MMA, 3-0 UFC). რაც შეეხება მის მომდევნო მეტოქეს – ომარ მორალესი შერეულ ორთაბრძოლებში ჯერჯერობით წაუგებლად ასპარეზობს (10-0 MMA, 2-0 UFC). საინტერესო ფაქტია, რომ ვენესუელელი მებრძოლი ქვემსუბუქ (featherweight) წონით დივიზიონში პირველად იასპარეზებს. აქამდე ის 70 კგ. წონით კატეგორიაში (lightweight) გამოდიოდა.

ჩვენ გიგას ამერიკაში დავუკავშირდით და რამდენიმე შეკითხვა დავუსვით.

ახალი მეტოქის ვინაობა ცნობილია. მომდევნო ბრძოლას დაუმარცხებელი ომარ მორალესის წინააღმდეგ გამართავს. რა ინფორმაციას ფლობ მეტოქეზე?

სიმართლე გითხრათ მორალესის შესახებ დიდი ინფორმაციას არ ვფლობ. ვიცი, რომ ის 70 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. მისი სამი ბრძოლის ნახვა უკვე მოვახერხე და ფიზიკურად ძლიერი მეტოქე ჩანს. ვფიქრობ, რომ მას წონის დაკლება ძალიან გაუჭირდება. ასევე დავაფიქსირე, რომ მას გარკვეული მინუსები აქვს, რის გამოყენებასაც აუცილებლად შევეცდები. მისგან ველი აგრესიულ ბრძოლას და ვთვლი, რომ სწორედ ამ დროს დაუშვებს არაერთ შეცდომას.

ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ გაქვს? კორონავირუსი დამარცხებულია, თუ ჯერ კვლავ მკურნალობის პროცესს გადიხარ?

ამჟამად კალიფორნიის მთებში (BIG BEAR) ვიმყოფები თვითიზოლაციაში. ზოგადად ამ ლოკაციაზე ბევრი სპორტსმენი ემზადება, რადგან აქ ძალიან კარგი ჰაერი და პირობებია იმისათვის, რომ მაღალ დონეზე მოემზადო. ეს ყველაფერი გამძლეობის გასავითარებლად და გასაუმჯობესებლად მეხმარება – სწორედ ამიტომ ავარჩიე ეს ადგილი იზოლაციისთვის. ასე რომ, ვარჯიშების გამართვას მაინც ვახერხებ. რაც შეეხება კორონავირუსს – ამჟამად ჩაბარებული მაქვს ახალი ტესტი და ველოდები პასუხს. როგორც კი უარყოფითი პასუხი მოვა და დავამარცხებ ვირუსს, მაშინვე შევუერთდები ჩემს გუნდს და სრულფასოვან ვარჯიშებს განვაახლებ.

ომარ მორალესთან ბრძოლაში რის ხარჯზე გეგმავ უპირატესობის მოპოვებას და მის დამარცხებას? თვლი თუ არა რომ ეს იქნება შენთვის ყველაზე რთული ტესტი კარიერაში?

მორალესი ითვლება ძლიერ დამრტყმელად (striker), ამ კომპონენტში კი მეც ძალიან ძლიერი ვარ. რა თქმა უნდა ჭიდაობის ელემენტებზეც უნდა ვიმუშაო. არ მგონია, რომ ომარს დიდი შანსი ჰქონდეს ჩემი პარტერში გადაყვანის, თუმცა ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყო. უპირატესობის მოპოვებას ისევ და ისევ ჩემი დარტყმითი ტექნიკის ხარჯზე ვაპირებ და ვთვლი, რომ ეს იქნება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლა, რაც აქამდე გამიმართავს, თუმცა აქვე გეტყვით, რომ ვფიქრობ მის დამარცხებას პირველ ან მეორე რაუნდში შევძლებ.