ვეტერანი მოჭიდავეები, აკაკი ჩაჩუა და ამირან სვანიძე მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ

11:14, 10.10.2019

გივი კარტოზიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეორე დღე დასრულდა.

საქართველოს ვეტერან მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

შეჯიბრის მეორე დღეს მედლების 12 კომპლექტი C (46-დან 50 წლამდე) და D (51-დან 55 წლამდე) დივიზიონებში გათამაშდა.

სიდნეის ოლიმპიური თამაშების პრიზიორმა აკაკი ჩაჩუამ (70 კგ. C დივიზიონი) და ამირან სვანიძემ (88 კგ. C დივიზიონი) ყველა შეხვედრა მოიგეს და მსოფლიო ჩემპიონები გახდნენ.

დავით კუპრაშვილმა (100 კგ. C დივიზიონი) მეორე ადგილი დაიკავა, მალხაზ გოგოლაძემ (62 კგ. D დივიზიონი) კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

მსოფლიო პირველობაზე ორი დღის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მონაგარში სამი ოქროს, ორი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედლებია.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა მსოფლიო ჩემპიონატი ხვალ A დივიზიონის შეხვედრებით დასრულდება.

საქართველოს სახელით ირაკლი ჭოჭუა, მამუკა ხემშიაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, ალუდა ხუნჯუა და ვასილ გოგოლაძე იჭიდავებენ.

მსგავსი