ვეტერანი ფეხბურთელების თხოვნით - უეფა-ს სამწვრთნელო კურსზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა #1TVSPORT
ვეტერანი ფეხბურთელების თხოვნით - უეფა-ს სამწვრთნელო კურსზე რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა #1TVSPORT

უეფა-ს მწვრთნელთა განათლების B ლიცენზიის კურსზე ყოფილი ფეხბურთელებისთვის რეგისტრაციის ვადა გახანგრძლივდა – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ცნობის მიხედვით, გადაწყვეტილება სფფ-ის ტექნიკურმა დეპარტამენტმა მონაწილეთა თხოვნით მიიღო. უეფა-ს მწვრთნელთა კონვენციის შესაბამისად, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტი კურსს გეგმავს ყოფილი ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც განსაკუთრებული საფეხბურთო სტაჟი გააჩნიათ.

საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ პირებს რეგისტრაცია შეეძლოთ 2 სექტემბრის ჩათვლით, თუმცა მონაწილეებისა და კანდიდატების თხოვნის საფუძველზე აღნიშნულ კურსზე რეგისტრაცია 30 სექტემბრამდე გახანგრძლივდა. შესაბამისად შეიცვალა კურსის დაწყების თარიღიც, რომელმაც 18 ოქტომბრისთვის გადაიწია.

სფფ-ს ცნობით, კანდიდატები დამატებით ინფორმაციას მიიღებენ, რომლის შემდეგაც გაიმართება გასაუბრება სფფ-ის მწვრთნელთა განათლების და პროფესიული განვითარების განყოფილებასთან და კანდიდატი სწავლებაზე მხოლოდ ამის შემდგომ დაიშვება.