ვეტერან ფეხბურთელს, ზურაბ წერეთელს ჭიათურის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს #1TVSPORT
ვეტერან ფეხბურთელს, ზურაბ წერეთელს ჭიათურის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს #1TVSPORT

თბილისის „დინამოს“ ვეტერანი მოთამაშე ზურაბ წერეთელი სიკვდილის შემდეგ ჭიათურის საპატიო მოქალაქედ აირჩიეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ფეხბურთელის შვილი, ანა წერეთელი ავრცელებს.

ჭიათურობის დღესასწაულზე ზურაბ წერეთელს ჭიათურის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა. ჩემი ოჯახის და პირადად ჩემი სახელით მინდა, უღრმესი მადლობა გადავუხადო ქალაქ ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, განსაკუთრებული მადლობა პირადად მერს – ბატონ გივი მოდებაძეს, ქალაქის საკრებულოს ყველა წევრს და ყველა ჭიათურელს მამას ხსოვნისთვის და ასეთი დაფასებისთვის. მადლობა ამ დიდი პატივისთვის“, – წერს ანა წერეთელი.

თავდამსხმელმა საფეხბურთო კარიერა თბილისის „დინამოში“ დაიწყო, რომლის შემადგენლობაშიც 1976 საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი გახდა. წერეთელმა შემდეგ მოსკოვის „დინამოში“ და ქუთაისის „ტორპედოში“ ითამაშა, 1979 წელს კი „ფახთაქორის“ გუნდის ავიაკატასტროფაში დაღუპვის შემდეგ ტაშკენტში საკუთარი სურვილით წავიდა და ყოველგვარ ანაზღაურების გარეშე თამაშობდა.

გასული თაობის ცნობილი ფეხბურთელი 1992 წლის 14 იანვარს ავტოკატასტროფაში დაიღუპა. 2015 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის ვარსკვლავთა ხეივანი გაიხსნა, გამორჩეული ქართველი ფეხბურთელების გვერდით ზურაბ ზერეთლის ვარსკვლავიც არის. უზბეკებმა კი პატივისცემის ნიშნად, 2014 წელს ტაშკენტის ერთ-ერთ ქუჩას მისი სახელი დაარქვეს.

ზურაბ წერეთლის შვილი, ანა წერეთელიც წლებია, ფეხბურთში საქმიანობს. იყო ფეხბურთის ფედერაციის ლიცენზირების კომიტეტის თანამშრომელი, ამჟამად კი მილანის ინტერის“ აკადემიის დირექტორია. ანა წერეთლის ინიციატივით 2021 წელს ბათუმში „მილანის“ საზაფხულო კეპმპი გაიმართა.