ვესტბრუკმა ჩემბერლენის რეკორდი დაამხო, ჯორჯის კარიერის მატჩი პორტლენდთან

საოცარ ფორმაშია ოკლაჰომა „სითი თანდერი“ ბილი დონოვანის გუნდის წარმატება, ძირითადად, ორ მოთამაშეზე მოდის: რასელ ვეტბრუკი და პოლ ჯორჯი მიმდინარე რეგულარულ სეზონში შეუჩერებლები არიან. ვესტბრუკმა ზედიზედ მეათე შეხვედრაში შეასრულა სამმაგი დუბლი (21 ქულა 14 მოხსნა 11 პასი) რითაც ლეგენდარული უილტ ჩემბერლენის რეკორდი გააუმჯობესა.

რაც შეეხება პოლ ჯორჯს, „ოქეისის“ მთავარმა მექულემ საკუთარ კარიერაში პირველი სამმაგი დუბლი შეასრულა. ფორვარდის ანგარიშზე: 47 ქულა, 12 მოხსნა და 10 შედეგიანი გადაცემაა. ბუნებრივია, ასეთი რეკორდების ფონზე, ოკლაჰომას საკუთარ „ჩისპეიკ არენაზე“ პორტლენდის დამარცხება არ გასჭირვებია. მასპინძლებმა ანგარიშით 120-111 გაიმარჯვეს და დასავლეთ კონფერენციაში ერთი მოგებით ჩამორჩებიან მეორე ადგილოსან დენვერ „ნაგეტსს“. არც ლიდერ გოლდენ სტეიტამდეა სერიოზული ჩამორჩენა „სითი თანდერისთვის“ პორტლენდი და ოკლაჰომა მომდევნო ტურში უკვე „მოდა ცენტრში“, „ტრეილ ბლეიზერსის“ საშინაო არენაზე ითამაშებენ.

დეტროიტი-ვაშინგტონი 121-112
ინდიანა-შარლოტი 99-90
კლივლენდი-ნიუ იორკი 107-104
ტორონტო-ბრუკლინი 127-125
ჩიკაგო-მილუოკი 99-112
ჰიუსტონი-დალასი 120-104
მინესოტა-კლიპერსი 130-120
დენვერი-მაიამი 103-87