„ვესტ ჰემმა“ „ესპანიოლის“ მეკარე დაიმატა
„ვესტ ჰემმა“ „ესპანიოლის“ მეკარე დაიმატა

„ვესტ ჰემ იუნაიტედმა“ ესპანელ მეკარე რობერტო ხიმენეს გაგოსთან კონტრაქტის გაფორმების შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა. 33 წლის რობერტო, რომელიც „ესპანიოლის“ ფეხბურთელი იყო, ლონდონურ კლუბში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა და ორწლიანი შეთანხმება გააფორმა.

რობერტოს ესპანეთში, პორტუგალიასა და საბერძნეთში უთამაშია, ჯამში კი ექვსი ტიტული აქვს მოგებული.

„დიდი იმედებით ველი პრემიერლიგაში თამაშის დაწყებას. მიმაჩნია, რომ ესპანეთისა და ინგლისის ლიგები მსოფლიოში საუკეთესოა და ვთვლი, რომ აქ თამაში ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა“, – აცხადებს ფეხბურთელი.

რობერტო „ვესტ ჰემში“ თავის თანამემამულე ადრიან სან მიგელ დელ კასტილიოს შეცვლის, რომლის კონტრაქტი მიმდინარე ზაფხულს იწურება.

აღსანიშნავია ასევე, რომ „ჩაქუჩების“ ახალ შენაძენს ძირითადში ადგილის დასამკვიდრებლად საკმაოდ მძიმე ბრძოლა მოუწევს, რადგან მწვრთნელის ნომერი პირველი არჩევანი ლუკაშ ფაბიანსკი წელს გუნდის საუკეთესო მოთამაშედ იქნა დასახელებული.