ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩით დაიწყებს
ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირს ფერნანდო ვერდასკოსთან მატჩით დაიწყებს

მსოფლიოს 24-ე ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მომავალ კვირას ავსტრიის დედაქალაქ ვენაში ATP500-ის ტურნირში ითამაშებს. გაიმართა ძირითადი ბადის წილისყრა და ქართველ ჩოგბურთელს პირველ მეტოქედ ერგო ესპანელი ფერნანდო ვერდასკო.

ამ ჩოგბურთელთა ერთადერთი შეხვედრა პროფესიულ ტურში 2018 წელს, პეკინში შედგა. ის მატჩი ბასილაშვილმა ორ სეტში მოიგო – 7:6(3), 6:4 და შემდეგ ტურნირზე გაიმარჯვა კიდეც.

ბასილაშვილსა და ვერდასკოს შორის მოგებული მეორე წრეში პირველად ნომრად განთესილ ავსტრიელ დომინიკ ტიმსა და ფრანგ ჟო-ვილფრიდ ცონგას შორის მოგებულს შეხვდება.

ვენაში განთესილები არიან: 1. დომინიკ ტიმი, 2. კარენ ხაჩანოვი (რუსეთი), 3. მატეო ბერეტინი (იტალია), 4. გაელ მონფილსი (საფრანგეთი), 5. დიეგო შვარცმანი (არგენტინა), 6. ფელიქს ოჟე ალიასიმი (კანადა), 7. გვიდო პელა (არგენტინა), 8. ბორნა ჩორიჩი (ხორვატია).

ბასილაშვილმა ვენაში შარშანაც ითამაშა და პირველივე წრეში გამოეთიშა ბრძოლას – ორ სეტში დამარცხდა სამხრეთაფრიკელ კევინ ანდერსონთან.

ბოლო ტურნირი, რომელშიც ბასილაშვილმა ითამაშა – შანხაის „მასტერსი“ იყო, სადაც ორი წრე გაიარა მერვედფინალში წააგო ტიმთან.

დატოვე კომენტარი