ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლეოპოლდო ლოპესის დაკავების ორდერი გასცა
ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლეოპოლდო ლოპესის დაკავების ორდერი გასცა

ვენესუელის სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ლეოპოლდო ლოპესის დაკავების ორდერი გასცა. უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, პოლიტიკოსს 2017 წელს შეფარდებული შინაპატიმრობის პირობების დარღვევა ედება ბრალად.

ლოპესი სამშაბათს, ოპოზიციის ლიდერ ხუან გუაიდოსთან ერთად, საპროტესტო აქციას დაესწრო. იმავე დღეს კი ესპანეთის ელჩის რეზიდენციაში გადავიდა.

ოპოზიციონერმა და ქვეყნის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ ნიკოლას მადუროს რეჟიმის დასასრულის დასაწყისი 30 აპრილის გამოაცხადა. გუაიდოს განცხადებიდან რამდენიმე საათში ხელისუფლების მოწინააღმდეგეებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება დაიწყო. მსხვერპლთან დაკავშირებით განსხვავებული ვერსიები ვრცელდება. ერთი ვერსიის მიხედვით, დაღუპულია სამი ადამიანი. სხვა ვერსიით, დაპირისპირებას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 130 ადამიანი კი დაშავდა.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენეს. საპასუხოდ აქციის მონაწილეებმა პოლიციელებს ე.წ. მოლოტივის კოქტეილები დაუშინეს.

დატოვე კომენტარი