ვენესუელის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში მიემგზავრება
ვენესუელის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად მოსკოვში მიემგზავრება

ვენესუელის პრეზიდენტი ნიკოლას მადურო მოსკოვში მიემგზავრება, სადაც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას გამართავს. მოლაპარაკება ოთხშაბათს არის დაგეგმილი. ამის შესახებ ნიკოლას მადურომ სოციალურ ქსელში განაცხადა. ინფორმაციას ადასტურებენ კრემლშიც.

ორშაბათს კარაკასს თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი სტუმრობდა, მან ვენესუელის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები გააკრიტიკა და სხვადასხვა სფეროში ქვეყანასთან თანამშრომლობისთვის მზაობა გამოთქვა.

კარაკასში ერდოღანის ვიზიტის ფარგლებში თურქეთსა და ვენესუელას შორის თავდაცვისა და ნავთობმოპოვების სფეროში რამდენიმე შეთანხმებას მოეწერა ხელი, რის შემდეგაც ვენესუელის პრეზიდენტმა, ნიკოლას მადურომ ერდოღანი ქვეყნის უმაღლესი ორდენით დააჯილდოვა.

ვენესუელა ლათინურ ამერიკაში რუსეთის მოკავშირე ქვეყანაა, რომელსაც აღიარებული აქვს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დამოუკიდებლობა.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის მიერ 2017 წელს ხელმოწერილი კანონი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად სანქციებს ითვალისწინებს იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებლობას აღიარებენ ან მათთან დიპლომატიური ურთიერთობა აქვთ დამყარებული. კერძოდ, აღნიშნული ქვეყნები აშშ-ის საბიუჯეტო დაფინანსებით ვერ ისარგებლებენ.