ვენესუელის ნაკრების მწვრთნელი - ძალიან ძლიერ მეტოქეს შევხვდით, საქართველოს თავისი გამორჩეული სტილი აქვს #1TVSPORT
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის პირველი ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში ვენესუელის ნაკრები დამაჯერებლად, 70:59 დაამარცხა და ბრძოლას მეორე ჯგუფურ ეტაპზე განაგრძობს.
მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვენესუელის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო დურომ განაცხადა, რომ მის გუნდს პირველ ტაიმში ძალიან გაუჭირდა და ამან საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია.
„პირველ ტაიმში გაგვიჭირდა, შეცდომებს ვუშვებდით. მეორე ნახევარში ჩვენი თამაში ვიპოვეთ, განსაკუთრებით დაცვაში მოვუმატეთ, სროლები გამოვიყენეთ შეტევაშიც.
მატჩის მოგებას ვცდილობდით. ჩვენ ძალიან ძლიერ მეტოქესთან მოგვიწია დაპირისპირება. ვფიქრობ, ასეთი დიდი ტურნირისთვის 40 დღე მოსამზადებლად საკმარისი არ არის. ახლა დარჩენილი ორი შეხვედრისთის მოვემზადებით. ვეცდებით, იაპონიასა და ფინეთთან წარმატებას მივაღწიოთ.
რაც შეეხება მეორე ჯგუფურ ეტაპზე გასულ ნაკრებებს, იქ სამი უძლიერესი გუნდია და საქართველო, რომელსაც თავისი სტილი აქვს, ვფიქრობ, იბრძოლებს წარმატებისთვის. თუმცა მე ახლა მხოლოდ ჩემს გუნდზე ვარ კონცენტრირებული“, – განაცხადა ვენესუელელთა მთავარმა მწვრთნელმა.