ვენესუელის მთავრობამ გემებს პორტების დატოვება აუკრძალა
ვენესუელის მთავრობამ გემებს პორტების დატოვება აუკრძალა

ვენესუელის მთავრობამ გემებს პორტების დატოვება აუკრძალა. ამ ნაბიჯით მთავრობა აპირებს, აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარების ვენესუელაში ჩატანის პროცესი დაბლოკოს. მთავრობის განკარგულებით, 24 თებერვლამდე ყველა გემს, რომელიც სამხრეთ ამერიკის ქვეყნის პორტშია გაჩერებული, ზღვაში გასვლა აუკრძალეს. ინფორმაციას „ფრანს პრესი“ ავრცელებს.

მანამდე ვენესუელის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ქვეყნის არმია სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია. ვენესუელის თავდაცვის მინისტრმა თქვა, რომ სამხედროები „ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას“ დაიცავენ.

პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ვენესუელის დროებითმა პრეზიდენტმა, ხუან გუაიდომ შვეიცარიის მთავრობას ვენესუელელი მაღალჩინოსნების ანგარიშების დაყადაღების თხოვნით მიმართა. ამ თემას გუაიდიო შვეიცარიის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას შეეხო. მისი თქმით, მთავრობის წევრები ცდილობენ, სოლიდური თანხები პირად ანგარიშებზე საზღვარგარეთ გადარიცხონ.

ამავე დღეს, კოსტა-რიკაში ვენესუელის ელჩმა, მარია ფარიამ განაცხადა, რომ ამიერიდან ქვეყნის დროებით პრეზიდენტ ხუან გუაიდოს დაექვემდებარება. შესაბამისი განცხადებით მან კოსტა-რიკის პრეზიდენტსაც მიმართა. შეგახსენებთ, რომ მანამდე კოსტა-რიკის მთავრობამ ნიკოლას მადუროს მიერ დანიშნულ დიპლომატებს ქვეყნის დასატოვებლად 60-დღიანი ვადა მისცა.