ვენესუელაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შესასვლელები სამართალდამცველებმა დაბლოკეს
ვენესუელაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შესასვლელები სამართალდამცველებმა დაბლოკეს

ვენესუელაში ოპოზიციის მიერ კონტროლირებადი პარლამენტის შესასვლელები სამართალდამცველებმა დაბლოკეს. უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს ყველა შესასვლელს ქვეყნის ეროვნული გვარდია და უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლები აკონტროლებენ, რის გამოც დეპუტატებმა შენობაში შესვლა ვერ მოახერხეს.

„ფრანს პრესი“ ვენესუელელი დეპუტატის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება, რომ პარლამენტის დაბლოკვის მიზეზად უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებმა შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დაასახელეს.

ამის პარალელურად „საერთაშორისო ამნისტიამ“ ნიკოლას მადუროს რეჟიმი ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში დაადანაშაულა. საერთაშორისო ორგანიზაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს აღნიშნული დანაშაულების გამოძიებისკენ მოუწოდებს.

„საერთაშორისო ამნისტიის“ ცნობით, ლათინური ამერიკის ქვეყანაში ძალადობამ განსაკუთრებით ბოლო რამდენიმე თვეში მოიმატა, მას შემდეგ, რაც მოსახლეობის მნიშვნელოვანმა ნაწილმა ნიკოლას მადუროს წინააღმდეგ გამოსვლები დაიწყო.

ვენესუელაში უკვე რამდენიმე თვეა, მძიმე პოლიტიკურ და სოციალურ კრიზისს ებრძვიან. ნიკოლას მადუროს მიერ პრეზიდენტის პოსტის დაკავების შემდეგ ქვეყანაში მასშტაბური დემონსტრაციები დაიწყო. მალევე მისმა ოპონენტმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა, რომელსაც საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილი, მათ შორის საქართველოც აღიარებს. ნიკოლას მადუროს კი მხარს რუსეთი უჭერს.

დატოვე კომენტარი