ვენესუელას სანქცირებული ენერგოკომპანია ოფისს ლისაბონიდან მოსკოვში გადაიტანს 
ვენესუელას სანქცირებული ენერგოკომპანია ოფისს ლისაბონიდან მოსკოვში გადაიტანს 

ნოკოლას მადუროს ბრძანებით, აშშ-ის მიერ სანქცირებული ვენესუელას სახელმწიფო ენერგოგიგანტი „პიდივიესაი“ ლისაბონში მოქმედ ფილიალს მოსკოვში გადაიტანს. ამის შესახებ ვენესუელას ვიცე-პრეზიდენტმა, დელსი როდრიგესმა მოსკოვში ვიზიტის დროს განაცხადა. მაღალჩინოსნის განმარტებით, ეს სვლა ვენესუელას აქტივების უსაფრთხოების დაცვას ემსახურება, რადგან ევროპა ვენესუელას აქტივების უსაფრთხოების გარანტიას ვეღარ იძლევა.

„პრეზიდენტმა მადურომ გასცა ბრძანება, რომ „პიდივიესაიმ“ ლისაბონის განყოფილების ოფისი მოსკოვში გადაიტანოს“,- განაცხადა როდრიგესმა მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან ერთად გამართულ ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე. როდრიგესის თქმით, ოფისის გადატანა რუსეთის ენერგოგიგანტებთან „როსნეფტთან“ და „გაზპრომთან“ თანამშრომლობის ფარგლებში განხორციელდება.

როდრიგესის განმარტებით, ევროპის ქვეყნებს არ შეუძლიათ „ჩვენი აქტივების ხელშეუხებლობის“ გარანტიის უზრუნველყოფა. მან მაგალითად მოიყვანა დიდი ბრიტანეთის ეროვნული ბანკი, სადაც ვენესუელას ოქროს მარაგი ინახება, მაგრამ მადუროს ოქროს რეზერვები არ გადასცა.

„რუსეთის ფედერაციის დახმარებით ჩვენ ვაპირებთ, ინდუსტრიული ინვესტიციები განვახორციელოთ, რათა ვაწარმოოთ ყველაფერი რაც ჩვენს ქვეყანას სჭირდება. ჩვენ [ვენესუელა და რუსეთი] ვართ სტრატეგიული პარტნიორები“,- განმარტა როდრიგესმა.

„როსნეფტის“ პრესმდივანმა, მიხეილ ლეონტიევმა რუსული სააგენტო „ერბეკას“ კითხვას ვენესუელას სანქცირებული კომპანიის ოფისის მდებარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით, პასუხი არ გასცა. სააგენტოს ანონიმური წყაროს მიხედვით კი, ოფისის ცვლილების მიზეზი ის გახდა, რომ პორტუგალიამ აღიარა როგორც ვენესუელას ოპოზიციონერი ლიდერი ხუან გუაიდო, ისე მის მიერ „პიდივიესაის“ ლისაბონის ოფისში დანიშნული ახალი ტოპ მენეჯერებიც. ამ ფაქტმა კომპანიის ოფისის მუშაობა გაართულა.

როგორც ცნობილია, ვაშინგტონმა ვენესუელას სახელმწიფო ენერგოკომპანიას სანქციები იანვრის დასაწყისში მას შემდეგ დაუწესა, რაც ქვეყნის ოპოზიციის ლიდერმა, ხუან გუაიდომ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. თეთრმა სახლმა და დასავლეთის უმეტესმა სახელმწიფოებმა, მათ შორის საქართველომ ოპოზიციონერ ლიდერს მხარი დაუჭირა.

მადუროსთვის ქვეყნის ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან მიღებულ შემოსავლებზე წვდომა რომ დაებლოკა, ვაშინგტონმა „პიდივიესაის“ სანქციები დაადო. ნიკოლას მადუროს პოლიტიკური მხარდაჭერა, ფაქტობრივად, მხოლოდ მოსკოვმა და პეკინმა შეუნარჩუნა. კრემლმა კარაკასს დახმარება სესხითაც აღმოუჩინა, სურსათითაც და ვენესუელას სამხედრო და ნავთობის ინდუსტრიასაც დაეხმარა. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია ვენესუელასთან თანამშრომლობის გაგრძელებით, რადგან რუსული კომპანიები ვენესუელელ პარტნიორებთან საკმაოდ დიდ პროექტებზე მუშაობენ.

თუმცა, გასულ თვეში სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ კრემლის კუთვნილმა „გაზპრომბანკმა“, სანქციების არიდების მიზნით, „პიდივიესაის“ ანაგრიშები გაუყინა