ვენეცია დატბორვის შემდეგ - იტალიაში სტიქიას ებრძვიან [ფოტო, ვიდეო]

იტალიის ჩრდილოეთ ნაწილში წყალდიდობას ებრძვიან. ბოლო მონაცემებით, უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 9-მდე გაიზარდა. ძლიერმა წვიმამ წყალმოვარდნა ლიგურიის რეგიონში გამოიწვია. ლაციოსა და კამპანიას რეგიონში წყალდიდობას თან ერთვის ძლიერი ქარიც. სინოპტიკოსების ინფორმაციით, ნახევარკუნძულის გარკვეულ ნაწილში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას სახლებში დარჩენისკენ მოუწოდებს. უსაფრთხოების მიზნით თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით დროებით დაიხურა სკოლები.

ქვეყნის ჩრდილოეთით, ტრენტინო-ალტო-ადიჯეს რეგიონში, ქარიშხლის შედეგად მოგლეჯილი ხე მოხალისეს დაეცა, რომელიც მეხანძრეებს სტიქიის შედეგების აღმოფხვრაში ეხმარებოდა. იმავე რეგიონში მდინარემ ქალის ცხედარი გამორიყა. რიმინის მახლობლად კი ერთ-ერთი სერფერი უეცრად ამოვარდნილმა ქარმა კლდეს შეაჯახა.

რთული ვითარებაა ვენეციაში. ქვეყნის უკიდურეს ჩრდილოეთში მდებარე ქალაქში რამდენიმე ისტორიული ნაგებობა დაიტბორა. ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით ქალაქის 75% დატბორილია.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯუზეპე კონტემ ვენეციელების დასახმარებლად დამატებითი ზომები მიიღო. იტალიის შინაგან საქმეთა მინისტრ მატეო სალვინის ინფორმაციით, ხელისუფლება სტიქიის ზონაში, მაღალი რისკის ქვეშ მყოფი დასახლებების 24-საათიან მონიტორინგს ახორციელებს.

იტალიის რამდენიმე რაიონში უამინდობა 28 ოქტომბერს დაიწყო. იტალიის სამოქალაქო თავდაცვის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, ქვეყნის ჩრდილოეთით 5 ოლქში მეტეოროლოგიური საფრთხის უმაღლესი დონე გამოცხადდა. წყალდიდობა და ძლიერი ქარი აღინიშნა ცენტრალური და სამხრეთ იტალიის რამდენიმე ქალაქში. განსაკუთრებით რთული ვითარება ვენეტოსა და ლიგურიის ოლქებშია, სადაც ქარის სიჩქარემ საათში 160 კილომეტრს მიაღწია. აღნიშნულ ოლქებში ელექტროენერგიის გარეშე 300 ათასი ადამიანია დარჩენილი.​

სოციალურ ქსელში წყალდიდობის ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა ვრცელდება.