ვეჯინში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა
ვეჯინში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

სოფელ ვეჯინში მომხდარ მკვლელობაში ბრალდებულ მამაკაცს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა.

სასამართლო პროცესი თელავის რაიონულ სასამართლოში ონლაინ რეჟიმში წარიმართა. სასამართლომ დააკმაყოფილა ბრალდების მხარის მოთხოვნა და 24 წლის ივანე ნოზაძის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გამოიყენა.

ბრალდებული წაყენებულ ბრალს აღიარებს და თავს დამნაშავედ ცნობს. მას სახაზინო წესით დანიშნული ადვოკატი იცავს.

მკვლელობა 28 მარტს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინში მოხდა. სამართალდამცველების ვერსიით, საჩხერიდან ოჯახთან ერთად სტუმრად ჩასულმა მამაკაცმა ცივი იარაღით საკუთარი შვილი, სამი თვის ჩვილი გოგონა მოკლა, მრავლობითი დაზიანებები მიაყენა მეუღლეს, ბოლოს კი თავად გულმკერდის არეში თვითდაზიანებები მიიყენა.

ჩვილი ადგილზე გარდაიცვალა, დაჭრილი ქალი კი გურჯაანის „ჯეოჰოსპიტალსშია“ მოთავსებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.