ვეცდებით, გულშემატკივარი ლამაზი თამაშით და მოგებით გავახაროთ - „ბორჯღალოსნები“ რუმინეთთან მატჩისთვის ემზადებიან #1TVSPORT
ვეცდებით, გულშემატკივარი ლამაზი თამაშით და მოგებით გავახაროთ - „ბორჯღალოსნები“ რუმინეთთან მატჩისთვის ემზადებიან #1TVSPORT

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „შევარდენის“ ბაზაზე რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალური შეხვედრისთვის ემზადება, რომელსაც 5 მარტს „ავჭალის“ სტადიონზე რუმინეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. თამაში 16:00 საათზე დაიწყება.

მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა ღია ვარჯიში ჩაატარა, რომლის დასრულების შემდეგ მთავარმა მწვრთნელმა, ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა – გიორგი ჭყოიძემ და დავით ნინიაშვილმა მომავალ მატჩზე და გუნდის მზადებაზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „ნებისმიერი ერთი თამაში, რომლის შედეგი ყველაფერს წყვეტს, წნეხს აძლიერებს. ვემზადებით ნახევარფინალისთვის, სადაც ჩვენი მეტოქე რუმინეთი იქნება. მეტოქე ძალისმიერი თამაშის მიმდევარია და ვეცდებით, ამ კომპონენტში უპირატესობა მოვიპოვოთ. რუმინელები თავიანთ სათამაშო სტილს თითქმის არასდროს ღალატობენ და ცდილობენ დომინირებას შეჯგუფებებში.

ჩვენი მიზანია, რომ თამაშიდან თამაშამდე ხარისხი გავაუმჯობესოთ. საინტერესო მოსამზადებელი კვირაა და ვიმედოვნებ, თამაში ჩვენი კარნახით წარიმართება.

ზოგადად, მსაჯების მიმართ კრიტიკით არ გამოვირჩევი, თუმცა მათი გადაწყვეტილებები, არა მხოლოდ ამ რაგბი ევროპის ჩემპიონატზე, ბევრ კითხვის ნიშანს ბადებს. ესეც დამატებითი წნეხია, თუმცა ვეცდებით, მობილიზებული და დისციპლინირებული ვიყოთ“.

გიორგი ჭყოიძე: „გუნდი ოპტიმალურ ფორმაშია და მაქსიმუმს ვაკეთებთ, რათა 5 მარტს კარგი თამაში ვაჩვენოთ და, რა თქმა უნდა, მოვიგოთ. რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფორმატი შეიცვალა და რუმინეთთან ნახევარფინალს ვთამაშობთ, თუმცა ეს მოტივაციას კიდევ უფრო გვმატებს. ყველას უნდა დავანახოთ, რომ რა ცვლილებებიც არ უნდა მოხდეს, წარმატების მიღწევაში ხელს ვერაფერი შეგვიშლის. წელს ასეთი მნიშვნელოვანი თამაში თბილისში ჯერ არ გვქონია, იმედია, სტადიონი გაივსება და გულშემატკივრებთან ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“.

დავით ნინიაშვილი: „ორშაბათიდან ვემზადებით, პროცესი ძალიან კარგად მიდის. ვეცდებით, რაც ესპანეთთან არ გამოგვივიდა, რუმინეთთან გამოვასწოროთ. მეტოქე კარგი გუნდია, ძლიერები არიან შეჯახებებში.

რაგბი ევროპის ჩემპიონატში ნახევარფინალური ეტაპი პირველად ტარდება და რუმინეთი ყველაფერს გააკეთებს ფინალში გასასვლელად, ჩვენ კი მათზე უფრო მეტად მოვინდომებთ, რათა ქომაგი, მოგებასთან ერთად, ლამაზი თამაშითაც გავახაროთ. სასიამოვნოა, რომ მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე ბილეთები სრულად გაიყიდა. გულშემატკივარს დიდი მუხტი შემოაქვს თამაშში და რეალურად ასრულებს მე-16 მოთამაშის ფუნქციას“.