ვატო შაქარიშვილი - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტში წარადგინა
ვატო შაქარიშვილი - სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტში წარადგინა

სოციალურად დაუცველი ბავშვების დახმარების გაზრდა მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი იყო, რომელიც პარლამენტში წარადგინა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საკრებულოს უმრავლესობის წევრმა ვატო შაქარიშვილმა ოპოზიციის მიერ გამოთქმული კრიტიკის პასუხად განუცხადა.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არცერთ ნაბიჯს არ დგამს საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით.

„ჩვენ ვცდილობდით, ვცდილობთ და გავაკეთებთ ყველაფერს, რომ ჩვენი მოქალაქეების ყოველდღიურობა საგრძნობლად გაუმჯობესდეს. ეს იყო მამუკა ბახტაძის სამთავრობო პროგრამის ნაწილი, რომელიც მან წარადგინა საქართველოს პარლამენტში და რომელსაც გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა და მოსახლეობამ ნდობა. შესაბამისად, სპეკულაციაა იმაზე საუბარი, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ გადადგმული ნაბიჯი. გადახედონ საკუთარ წინასაარჩევნო კამპანიას, პოპულისტური ნარატივი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი, ხოლო „ქართული ოცნება“ მოქმედებს, მოქმედებდა და გადადგამს ყველა ნაბიჯს, რათა ჩვენი მოსახლეობის ყველა პრობლემას ადეკვატური პასუხი გაეცეს.

ეს იყო სამთავრობო პროგრამა, რომელსაც ნდობა გამოუცხადა საქართველოს პარლამენტმა როდესაც ამტკიცებდა მამუკა ბახტაძის მეთაურობით საქართველოს მთავრობას. ამ ცვლილებების გათვალისწინება მოხდება 2019 წლის ბიუჯეტში და ამას საზოგადოება ძალიან მალე იხილავს. ყველა შესაბამისი ცვლილება დაანონსებული იქნება გათვალისწინებული 2019 წლის ბიუჯეტში, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებას ეცნობება.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დგამს არცერთ ნაბიჯს საარჩევნო ხმების მოპოვების მიზნით. პოპულისტური ნარატივი ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ დისკურსი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანა ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სტილი. არ ვაპირებთ, ამ ყველაფერს სერიოზულად ვუპასუხოთ, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ სპეკულაცია“, – განაცხადა ვატო შაქარიშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გუშინ განაცხადა, რომ სოციალურად დაუცველი 16 წლამდე ბავშვების დახმარება ხუთჯერ გაიზრდება და ბავშვიანი ოჯახები ამჟამად არსებული 10-ლარიანი დახმარების ნაცვლად მიიღებენ 50-ლარიან დახმარებას. პრემიერის თქმით, აღნიშნული ინიციატივა 140 000-მდე ბავშვს შეეხება.

დატოვე კომენტარი