ვატო შაქარიშვილი - ნიკა მელია სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად გაიქცა, ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ქვეყნის არევისთვის იყენებენ
ვატო შაქარიშვილი - ნიკა მელია სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად გაიქცა, ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ქვეყნის არევისთვის იყენებენ

ნიკა მელია, რომელსაც თითქოსდა დესტაბილიზაციის განმუხტვის მიზნით ევროკავშირმა გადაუხადა გირაო, მალევე გაიქცა სააკაშვილთან ახალი დესტრუქციული გეგმების შესათანხმებლად, – ამის შესახებ საკრებულოს დამოუკიდებელმა წევრმა, ვატო შაქარიშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საკრებულოს წევრის თქმით, ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ქვეყნის არევისთვის იყენებენ.

„საინტერესოა რატომ მისცა პროკურატურამ გირაოს ქვეშ მყოფ პირს ქვეყნის დატოვების უფლება და მეორე კრიმინალთან მიახლების საშუალება?! ევროკავშირმა უნდა იცოდეს, რომ მათ მხარდაჭერას ცნობილი კრიმინალები ისევ ქვეყნის არევისთვის და სახელმწიფოზე შეტევისთვის იყენებენ.

ეს ყველაფერი არის ხელისუფლების უსუსურობის, გაუაზრებელი და ანტისახელმწიფოებრივი პოლიტიკის შედეგი! ქართულმა ოცნებამ დაუშვა უცხოელი პარტნიორების სიღრმისეული ჩარევა ქვეყნის შიდა საქმეებში და ვერც ხვდება, რომ სუვერენიტეტი ილახება და ყოველდღიურად დევალვირდება.

არ შეიძლება ქართული საზოგადოების ნების წინააღმდეგ წასვლა და კანონის ფეხქვეშ გათელვა, ვინც არ უნდა მოგიწოდოს ამისკენ! ჩვენთვის მიუღებელია ორმაგი სტანდარტი – რომელშიც, კაპიტოლიუმზე შეტევა არის ამბოხი და დამნაშავეები მკაცრად ისჯებიან, ხოლო საქართველოს პარლამენტზე თავდამსხმელი და სხვა არაერთ დანაშაულში მხილებული ადამიანი პოლიტპატიმრად იწოდება.

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ დოკუმენტზე ხელმოწერა რომელიც „ეროვნულ გამარჯვებად“ ცხადდებოდა, მხოლოდ ხელისუფლების გადაბარების ინსტრუმენტია და მას ქვეყნის და საზოგადოების ინტერესებთან არანაირი საერთო არ აქვს! კრიმინალების პოლიტიკაში შენარჩუნებით შეფერხდა ქვეყნის განვითარება და ეს მომავალშიც კარგს არაფერს მოგვიტანს“, – აღნიშნა ვატო შაქარიშვილმა.