ვატო არველაძე - დინასტიის წარმომადგენლობა დიდი პატივია, მაგრამ ისტორიაში შესვლა მეც მინდა #1TVSPORT
ვატო არველაძე - დინასტიის წარმომადგენლობა დიდი პატივია, მაგრამ ისტორიაში შესვლა მეც მინდა #1TVSPORT

„არველაძეების საფეხბურთო დინასტიის რომ წარმოვადგენ, ეს დიდი პასუხისმგებლობაც არის და დიდი პატივიც. იმიტომ, რომ მათ ფეხბურთში ბევრი საოცარი რამ გააკეთეს. მეც მინდა ისტორიაში შესვლა, საკუთარ თავში ვარ დარწმუნებული და ვიცი, რომ წარმატებას მივაღწევ“, – ამის შესახებ „აზერისპორტთან“ ინტერვიუში ვატო არველაძემ განაცხადა.

ბაქოს „ნეფთჩში“ გადასულმა ქართველმა თავდამსხმელმა აზერბაიჯანულ გამოცემასთან ინტერვიუში კლუბში გადასვლაზე, ადაპტაციაზე, საფეხბურთო დინასტიასა და ისტორიაში დარჩენის სურვილზე ისაუბრა.

„ბაქოს „ნეფთჩი“ აზერბაიჯანის უძველესი კლუბია და აქ გადმოსვლა მომწონს. სწრაფად ადაპტაციას ვახერხებ და ყველაფერს ვაკეთებ, რომ დავუბრუნდე საუკეთესო ფორმას და ყველას ვაჩვენო, თუ რა შემიძლია გუნდისთვის გავაკეთო. უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. შემოთავაზების შემდეგ საბა კვირკველიას ველაპარაკე, კლუბის შესახებ ბევრი კარგი რამ მითხრა და გადავწყვიტე, ჩავსულიყავი. საბა უფრო სწრაფად ადაპტაციაში მეხმარება. ის არის შესანიშნავი ბიჭი და ძალიან კარგი ფეხბურთელი“, – ამბობს 24 წლის ფეხბურთელი.

ვატო არველაძემ ასევე ისაუბრა, ბოლო ორი წელი რატომ არ თამაშობდა:

„ვერ ვიტყვი, რომ კარიერის ბოლო ორი წელი წარმატებული არ იყო. თურქეთში პირველი წელი „ფატიჰ კარაგუმრუქთან“ ერთად არ იყო ცუდი, უბრალოდ, ამის შემდეგ ტრავმა მივიღე და ცოტა გამეწელა გამოჯანმრთელება. თუმცა, ახლა აქ ვარ და ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ წარმატებას მივაღწიო და „ნეფთჩის“ დავეხმარო“.