ვატო არველაძე - ბილიას სრულფასოვნად შეცვლა ძნელი იყო
ვატო არველაძე - ბილიას სრულფასოვნად შეცვლა ძნელი იყო

ვატო არველაძემ კომენტარი გააკეთა თურქეთის სუპერლიგის მე-16 ტურში „ფატიჰ კარაგუმრუქის“ შეხვედრაზე, სადაც მოედანზე გუნდის კაპიტნის ნაცვლად შეუშვეს.

„ფატიჰ კარაგუმრუქმა“ საშინაო მატჩი ვიცე-ჩემპიონ „ტრაბზონთან“ წააგო (1:2). 22 წლის ქართველი თავდამსხმელი სათადარიგოთა შორის იყო, მაგრამ 35-ე წუთზე გუნდის კაპიტანი ლუკას ბილია შეცვალა, რომელიც დაშავდა და იძულებული გახდა, მოედანი დაეტოვებინა.

„ჩვენი კაპიტანი მოედანზე მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ტრავმა „კარაგუმრუქისთვის“ დიდი დანაკარგი იყო. ამიტომ მე კარიერაში საუკეთესო შეხვედრის ჩატარება მსურდა, ეს დანაკარგი რომ შემევსო. თუმცა, ბილიას სრულფასოვნად შეცვლა ძალიან ძნელი იყო“, – თქვა მატჩის შემდეგ ვატო არველაძემ.

ლუკას ბილია 34 წლის არგენტინელი ფეხბურთელია, რომელსაც უთამაშია ბელგიურ „ანდერლეხტში“ (2006-2013), ასევე იტალიურ გრანდებში – „ლაციოსა“ (2013–2017) და „მილანში“ (2017–2020), „ფატიჰ კარაგუმრუქში“ კი 2020 წლის ზაფხულში ჩაირიცხა. 2011–2018 წლებში იცავდა არგენტინის ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაში 58 შეხვედრა ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა. არის მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი (2014) და კოპა ამერიკას ორგზის ვიცე-ჩემპიონი (2015, 2016).