ვატიკანში მძლეოსნობის ნაკრები შეიქმნა
ვატიკანში მძლეოსნობის ნაკრები შეიქმნა

ვატიკანში პირველი სპორტული ასოციაცია შეიქმნა, აგრეთვე, შედგა მძლეოსნობის გუნდის პრეზენტაცია, – იტყობინება სააგენტო Reuters.

ნაკრების შემადგენლობაში რბენის 60-ზე მეტი მოყვარული მოხვდა. მათ შორის არიან – მღვდლები, შვეიცარიელი გვარდიელები, ვატიკანის მუზეუმების თანამშრომლები, ერთი მონაზონი, აფთიაქარი და ვატიკანის ბიბლიოთეკის 60 წლის თანამშრომელი. შეხვედრაზე ნაკრების წევრები ერთნაირი ცისფერი საწვრთნელი კოსტუმებით მივიდნენ. ფორმაზე ვატიკანის გერბი იყო გამოსახული.

პრეზენტაციაზე ხელი მოეწერა შეთანხმებას იტალიის ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან, რომელიც ვატიკანელ ათლეტებს საშუალებას მისცემს – მოიპოვონ ოფიციალური სტატუსი და მიიღონ მონაწილეობა საერთაშორისო ტურნირებში.

ვატიკანი ყველაზე პატარა დამოუკიდებელი სახელმწიფოა. მისი ფართობია 0.44 კვადრატული კილომეტრი, მოსახლეობაა – 1000 ადამიანი.

დატოვე კომენტარი